19-11-2018
მარნეულის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი თამაზ ნავერიანი დღეს სოფელ შულავერის მოსახლეობას შეხვდა, სადაც პრემიერ-მინისტრის ახალ ინიციატივაზე ისაუბრა.
თამაზ ნავერიანმა მოსახლეობას მამუკა ბახტაძის ის ინიციატივა გააცნო, რომელიც საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ე.წ. „შავ სიაში“ მოხვედრილ 600 000-ზე მეტი მოქალაქესთვის საბანკო დავალიანების განულებას გულისხმობს.
როგორც თამაზ ნავერიანმა შეხვედრაზე განაცხადა, ეს არის გადაწყევტილება, რომელიც ასობით ათას ოჯახს მძიმე ტვირთს მოუხსნის და ვალებისგან გაათავისუფლებს.
„ჩვენი მთავრობის და ფონდი „ქართუს“ მხარდაჭერით, მიმდინარე წლის 15-31 დეკემბრის პერიოდში, დავალიანება გაუნულდება მოვალეთა სიაში მყოფ ადამიანთა 95%-ს, რომელსაც შეადგენენ ისინი, ვისაც ბანკების, მიკრო და ონლაინ საფინანსო ორგანიზაციების წინაშე დავალიანების ძირი თანხის სახით 2000 ლარამდე აქვს დარჩენილი. ჯამში ასეთი ადამიანი საქართველოში 600 000-ზე მეტია და დავალიანების ჯამური ოდენობა მილიარდ ნახევარ ლარს უტოლდება. ამ აქტის შედეგად, რამდენიმეათასი მარნეულის რაიონში მცხოვრები ოჯახი შვებით ამოისუნთქავს და ახალ წელს, საბანკო დავალიანების გარეშე შეხვდება,“- განაცხადა თამაზ ნავერიანმა.
მარნეულის მაჟორიტარმა დეპუტატმა შეხვედრაზე, ასევე ყურადღება გაამახვილა „ქართული ოცნების“ პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივინიშვილის მიერ გაცემულ დაპირებებზე და აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილმა საბანკო დავალიანებისა და ჭარბვალიანობის შესახებ ყურადღება პოლიტიკაში დაბრუნებისთანავე გაამახვილა.
„ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში დაბრუნებისთანავე ისაუბრა საბანკო დავალიანების პრობლემაზე, რომელიც სიღარიბესთან პირდაპირ კავშირშია. ჩვენ დავაწესეთ სამართლიანი წესები საბანკო-საფინანსო სექტორში და დავასრულეთ ის უსამართლობა, რომელიც ნაციონალური მოძრაობის მიერ იყო შექმნილი და რის შედეგადაც მოქალაქეებს დიდი ოდენობით დავალიანება დაუგროვდათ “- განაცხადა თამაზ ნავერიანმა.