გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ადიგენის მერთან შეხვედრის გამო სოფელ აბასთუმნის სკოლაში გაკვეთილები გაცდა

20-11-2018

დღეს, 20 ნოემბერს, სოფელ ვარხანში ადიგენის მერი ადგილობრივებს შეხვდა. ამ შეხვედრას სოფელ აბასთუმნის სკოლის პედაგოგებიც დაესწრნენ, რის გამოც სკოლაში მეექვსე და მეშვიდე გაკვეთილები გაცდა.

 

დღეს, სოფელ აბასთუმნის სკოლა ხუთი გაკვეთილის შემდეგ, დაახლოებით, 13:40 საათზე, პედაგოგებმა, ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა და მოსწავლეებმა ერთდროულად დატოვეს. ბავშვები სახლში, თანამშრომლები კი მეზობელ სოფელში ადიგენის მერთან ზაქარია ენდელაძესთან შეხვედრაზე წავიდნენ.

 

„მეექვსე გაკვეთილი გაგვიცდა, მასწავლებელმა გამოგივშვა, ასე თქვა გამგებელთან მივდივართ შეხვედრაზეო“, – გვითხრეს სკოლიდან გამოსულმა უფროსკლასელებმა.

 

ამ დროისთვის სკოლის ეზოსთან იმყოფებოდა სოფელ აბასთუმანში მერის წარმომადგენელი ვიქტორ მინაძე. ორი მასწავლებელი სწორედ მის მანქანაში დაჯდა: „ეს მასწავლებლები სახლში მიმყავს, არანაირი შეხვედრაზე არ მივდივართ“, – განუცხადა მან „სამხრეთის კარიბჭეს“, თუმცა მოგვიანებით, მინაძის მანქანაში მსხდომი მასწავლებლები სოფელ ვარხანში მერთან გამართულ შეხვედრაზე გადავიღეთ.

 

მეექვსე გაკვეთილი სკოლაში 13:50 საათზე იწყება, თუმცა ამ დროისთვის „სამხრეთის კარიბჭეს“ სკოლა ცარიელი დახვდა. დაკეტილი იყო სამასწავლებლოც.

 

„ცხრილის მიხედვით, დღეს სკოლაში როგორც მეექვსე ასევე, მეშვიდე გაკვეთილიც უნდა ჩატარებულიყო. საგაკვეთილო პროცესი კი 15:35 საათზე სრულდებოდა“, – ამბობენ პედაგოგები რომლებსაც ვინაობის გამჟღავნება არ უნდათ.

 

საპირისპიროს ამტკიცებს სოფელ აბასთუმნის სკოლის დირექტორი ქეთევან ობოლაშვილი „სამხრეთის კარიბჭესთან“ სატელეფონო საუბარში: „გაკვეთილები დასრულებული იყო და მასწავლებლები იმიტომ წავიდნენ. არ ვიცი თქვენი ჟურნალისტი სკოლაში რა დროს იყო. პირადად მე ადიგენში ვარ და სკოლის საქმეს ვაკეთებ“.

 

ადიგენის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის ინგა ბოჭორიშვილი ამბობს, რომ ვარხანში მერთან დაგეგმილი შეხვედრის შესახებ ინფორმაცია „სამხრეთის კარიბჭედან“ შეიტყო: „დირექტორთან გადავამოწმე გაცდა თუ არა გაკვეთილები და მითხრა, რომ ამ დროისთვის გაკვეთილები დასრულებული იყო“.

 

შეკითხვაზე, რა რეაგირებას მოახდენს რესურსცენტრი სკოლაში გაცდენილ გაკვეთილებზე, ბოჭორიშვილი გვპასუხობს: „გამოძიებას ხომარ დავიწყებ, დირექტორს ვკითხე და მიპასუხა, რომ გაკვეთილები არ გაცდენილა“.

 

სოფელ ვარხანში ადიგენის მერმა და „ქართული ოცნების“ საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარემ ზაქარია ენდელაძემ ადგილობრივებთან შეხვედრა, დაახლოებით, 14:00 საათზე დაიწყო. ერთი საათით ადრე კი მან ანალოგიური შეხვედრა კურორტ აბასთუმანში გამართა. ენდელაძემ კურორტზე მცხოვრებლებთან წინასაარჩევნო საკითხებზე ისაუბრა. სოფელ აბასთუმანში კი თქვა, რომ „ეს შეხვედრა არჩევნებს არ ეხება“ და დღეს მან ადგილობრივები ანგარიშის ჩასაბარებლად შეკრიბა. მერი აქ მცხოვრებლებს წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტების შესახებ ესაუბრა.

 

სოფელ აბასთუმნის სკოლის მასწავლებლებმა, რომლებიც შეხვედრას ესწრებოდნენ, გვითხრეს, რომ ვარხნის ცენტრში მაღაზიაში ჩამოვიდნენ და სკოლიდან შეხვედრაზე დასასწრებად სკოლიდან არ წამოსულან.

 

„აქ სკოლის პედაგოგების საარჩევნო აგიტაციაში იძულებით ჩართვის ნიშნები იკვეთბა. ალბათ მათ ამ შეხვედრაზე დასწრებასთან დაკავშირებით, ინფორმაცია მიიღეს ისეთი პირისგან, რომლეზეც სამსახურეობრივად არიან დამოკიდებულები. ეს საკთხი გასარკვევია. გარდა ამისა, რადგან გაცდა გაკვეთილები, დაზიანდა ბავშვების ინტერესი და დაირღვა მათი სასწავლო პროცესი“, – ამბობს „საერთაშორის გამჭვირვალობა – საქართველოს“ იურისტი გიგი ჩიხლაძე.


sknews.ge