8-11-2017
აგვისტოში, სექტემბერსა და ოქტომბერში აჭარის უმაღლესმა საბჭომ სულ 17 154 ლიტრი საწვავი დახარჯა. ამ სამი თვიდან ყველაზე მეტი – 6115 ლიტრი საწვავი დეპუტატებმა ზაფხულში, აგვისტოს თვეში მოიხმარეს. უმაღლეს საბჭოში დეპუტატებს ივნისის მესამე კვირიდან სექტემბრის პირველ კვირამდე არასასესიო პერიოდი ჰქონდათ.
დეპუტატებს შორის ყველაზე მეტ საწვავს ისევ დავით გაბაიძე იყენებს – უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. ბოლო სამი თვიდან დავით გაბაიძემ ყველაზე მეტი – 799 ლიტრი სექტემბერში დახარჯა. ეს 218 ლიტრით მეტია ოქტომბრის მაჩვენებელზე. ოქტომბერში დავით გაბაიძეს 581 ლიტრი საწვავი დასჭირდა დეპუტატის მოვალეობის შესასრულებლად.
თავმჯდომარის შემდეგ საწვავის ხარჯვის ოდენობით ისევ სიის სათავეში არიან: მერაბ კარანაძე, დავით ბაციკაძე, გიორგი რომანაძე, ელგუჯა ბაგრატიონი. დეპუტატისთვის საწვავის ლიმიტი 400 ლიტრია. მაგალითად, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები – დავით ბაციკაძე და მერაბ კარანაძე სამივე თვეში სტაბილურად 400-400 ლიტრი საწვავის დახარჯვას ახერხებენ.
მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ყველაზე მეტი საწვავი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის შემდეგ, დეპუტატებს შორის გახარჯული ჰქონდა დავით ბაციკაძეს. „გასდიოდა მანქანას, ამიტომ გამოვიდა ამდენი,“ – უთხრა მაშინ „ბათუმელებს“ დავით ბაციკაძემ. თუმცა, იმავე ავტომანქანამ, რომელიც დავით ბაციკაძეს ემსახურება, 399.93 ლიტრი აპრილის თვეში, 399,98 ლიტრი მაისის თვეში გახარჯა. ბაციკაძემ განაცხადა, რომ ავტომანქანა, რომელიც მას ემსახურება შეკეთდა, მაისში საწვავის ხარჯის ოდენობა კი იმით ახსნა, რომ იმყოფებოდა საქართველოს პარლამენტში: „მიმდინარე თვის ბოლოს მოიკითხეთ და ნახეთ რამდენი იქნება ხარჯი“. „მიმდინარე თვის“, ანუ ივნისის ბოლოს კი, დავით ბაციკაძის სახელზე უმაღლეს საბჭოში ზუსტად იმდენივე საწვავია გაცემული, რამდენიც მაისის თვეში -399,98 ლიტრი.
ყველაზე ნაკლებ საწვავს ისევ დეპუტატი ნინო ჩხეტია ხარჯავს. აგვისტოში მან 144 ლიტრი საწვავი დახარჯა, სექტემბერში – 169, ხოლო ოქტომბერში – 115.
წყარო: გაზეთი "ბათუმელები"