26-11-2018
სახელმწიფო რწმუნებულის, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ინიციატივით, დარგის სპეციალისტებისა და საზოგადოების უშუალო ჩართულობის შედეგად, ქალაქ ზუგდიდის მიწათსარგებლობის გეგმა შემუშავდება, რომელიც მოიცავს, როგორც ურბანული განვითარების კონცეფციას და ამავე დროს აუცილებელი რეგულაციების დაწესებას მიწათსარგებლობის მხრივ.
„ვფიქრობ, უნდა შემუშავდეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის განაშენიანების გენერალური გეგმა, რომ გამოირიცხოს ქაოსური მშენებლობები და განვაახლოთ ქალაქის არქიტექტურული იერსახე.
მისასალმებელია, რომ ქალაქ ზუგდიდში მნიშვნელოვნად იმატა ინვესტიციის მსურველ კომპანიათა რიცხვმა. მათ შორის არის დეველოპერული კომპანია „m² უძრავი ქონება“, რომელიც საერთაშორისო ბრენდის სასტუმროს პროექტის კონცეფციას გვთავაზობს. გარდა იმისა, რომ პროექტის ფარგლებში 200-ზე მეტი ადგილობრივი მცხოვრები დასაქმდება, იგი ტურისტებს მოიზიდავს, რაც დამატებით შემოსავლებს გულისხმობს.
აღსანიშნავია, რომ სასტუმრო მთლიანად ორიენტირებული იქნება იმ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების მოხმარებაზე, რაც ჩვენ რეგიონში იწარმოება. ეს ერთგვარი წახალისებაა იმ მცირე მეწარმეების, ვინც დასაქმებულია სოფლის მეურნეობის სექტორში. მთავრია, ნებისმიერი მსგავსი პროექტის განხილვა მოხდეს საჯაროდ და გამჭვირვალედ, რომ მოსახლეობას არ დარჩეს შეკითხვები“ - განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.