გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

არქეოლოგიური აღმოჩენები ზუგდიდსა და ბაღმარანში

12-12-2017

ზუგდიდში, ცენტრალური მოედნის შემოსასვლელთან საავტომობილო გზის საფეხმავლო ბილიკის მარჯვენა მხარეს ახლად აღმოჩენილი ჭისებრი ორმო და მიმდებარე ტერიტორია დღეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა დაათვალიერეს. როგორც გაირკვა, ტერიტორიაზე აღმოჩენილია მეოცე საუკუნის 20-30 წლების ზუგდიდის მიწისქვეშა კომუნიკაციის ნაშთები და ცილინდრული ფორმის კერამიკის გვიმით ამოყვანილი ჭა, რომელიც მთლიანად თიხის მასალითაა ამოყვანილი და სიღრმეში ერთმანეთზე გადაბმისას თანდათან ვიწროვდება.

ქალაქის მერიის ინორმაციით, ამ ეტაპზე, მოცულობითი სამუშაოების გამო თითქმის შეუძლებელია მისი სიღრმის განსაზღვრა. დიამეტრი კი, დაახლოებით, 1 მეტრია.


 

ექსპედიციის წევრებმა ასევე ვიზუალურად შეისწავლეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაღმარანში ბონდო მებონიას საკარმიდამო ნაკვეთი, სადაც, საცხოვრებელი სახლის უკან, მიწის სამუშაოების დროს წითლად გამომწვარი კერამიკის, კერძოდ ქვევრის ფრაგმენტები იპოვეს.

გარდა ამისა, აღნიშნულ ადგილას ბაზილიკური ტიპის მცირე ზომის ნაეკლესიარი მდებარეობს.

ზედაპირული დათვალიერებით ჩანს, რომ შემორჩენილია ჩრდილოეთით, სამხრეთით და დასავლეთით 1.5 და 1 მ სიმაღლის და აღმოსავლეთით 2.5 მ სიმაღლის კედლები. როგორც ჩანს, ეკლესია ნაგებია რიყის ქვით, გარედან საგულდაგულოდ და დამუშავებული კირქვით ყოფილა მოპირკეთებული, რომლებზეც ჩუქურთმები ყოფილა დატანილი. საპერანგე ქვების უმეტესი ნაწილი დაკარგულია. ალაგ-ალაგ აწყვია ორნამეტიანი ქვებისა და სვეტის ფრაგმენტები.


 

ნაეკლესიარი ზომით თითქმის კვადრატულია, სიგრძე 5 მ., სიგანე კი 4,5 მ.–ს შეადგენდა.

ტაძარი გარშემო გალავნით ყოფილა შემოსაზღვრული. აქვე ნაპოვნი კერამიკის მასალებით მათ შორის მოჭიქული კერამიკით, ასევე, მსგავსი ტიპის სამშენებლო ტექნიკითა და ტიპოლოგიური ანალიზის შესაბამისად, ზუგდიდის მერიის ცნობით, ეკლესია, ზოგადად მეთორმეტე-მეცამეტე საუკუნით თარიღდება.

იქიდან გამომდინარე, რომ ტაძრის ეზოში ხშირია სხვადასხვა პერიოდის არქეოლოგიური არტეფაქტების აღმოჩენის შემთხვევები, ჩანს, რომ ტაძარი თითქმის უწყვეტად ხანგრძლივი დროის განმავლობაში ფუნქციონირებდა, თუმცა, გადმოცემის მიხედვით მეოცე საუკუნის 30-იან წლებში დაუნგრევიათ და ქვის მასალა ახლომახლო სახლების მშენებლობისას გამოუყენებიათ.

 აღნიშნულ ადგილებს კულტურული მემკვიდრეობის სააგანტოს წარმომადგენლები ბადრი ჭანკოტაძე, თორნიკე გურგენიძე და მოწვეული ექსპერტი რევაზ პაპუაშვილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მოწვევით ესტუმრნენ.

მერიის კულტურისა და ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსის ლაშა ჯიქიას განმარტებით, მერია შემდგომი სამუშაოებისთვის საპროექტო დოკუმენტაციას მოამზადებს, რათა აღმოჩენილი კულტურული მემკვიდრეობის სახე ქალაქში შენარჩუნდეს.


წყარო: რადიო "ათინათი"