27-11-2018
ახმეტაში ინოვაციების ცენტრის გახსნას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ავთანდილ კასრაძე, კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი იოსებ ქარუმაშვილი, პარლამეტის წევრი გელა სამხარაული და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონალურ საკითხებში სოზარ სუბარი დაესწრნენ.
ახმეტის ინოვაციების ცენტრში პროგრამირების, დიზაინის, მეწარმეობისა და სხვადასხვა ბიზნესმიმართულების ტრენინგები სისტემატიურად ჩატარდება. რეგიონის ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ სახელმწიფოს მხარდაჭერით ინოვაციური იდეები რეალურ ბიზნესად აქციონ და თავიანთი სტარტაპ იდეები განავითარონ.
“ახმეტის ინოვაციების ცენტრი იქნება კიდევ ერთი დამატებითი საშუალება ახალგაზრდებისთვის, რომ დაეუფლონ თანამედროვე ცოდნას, ისარგებლონ მაღალტექნოლოგიური დანადგარებით და შექმნან კონკრეტული პროტოტიპები. იმედი გვაქვს, რომ აქაური ახალგაზრდები მაქსიმალურად გამოიყენებენ შესაძლებლობას, რომელსაც მათ საქართველოს მთავრობა სთავაზობს და შექმნიან ინოვაციურ სტარტაპ კომპანიებს,“ - აღნიშნა საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, ავთანდილ კასრაძემ.
რეგიონებში ინოვაციების ცენტრების გახსნის მიზანია, ადგილობრივმა მოსახლეობამ, კერძო კომპანიებმა თუ ადგილობრივმა მთავრობამ გამოიყენოს აქამდე ძნელად ხელმისაწვდომი ტექნოლოგიები საკუთარი საქმიანობის განვითარებისთვის და მიიღოს ცოდნა, როგორც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში, ასევე, მეწარმეობის მიმართულებით.
ინოვაციების ცენტრები უკვე გაიხსნა ხარაგაულში, ჭოპორტში, ბაღდათსა და რუხში. ცოტა ხნის წინ კი ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ ტექნოპარკი თელავში გახსნა. მომავალ წელს ტექნოპარკი ბათუმშიც დაიწყებს ფუნქციონირებას.