30-11-2018
ქედაში ანტიკური პერიოდის ძეგლები აღმოაჩინეს. კერძოდ, სოფელ კოლოტაურის ჯვარქედის უბანში კომპლექსს მიაგნეს, სადაც სამი პერიოდის ძეგლია: გამოქვაბული 8000-10000 წლის წინანდელი, სათვალთვალო კოშკი XI-XIII საუკუნეების და ხანგძლივი პერიოდის ანტიკური ნამოსახლარი ძველი წელთაღრიცხვით V საუკუნიდან ახალი წელთაღრიცხვით V საუკუნემდე. ინფორმაციას ქედის მერია ავრცელებს.
„ტერიტორიაზე გვხვდება მთლიანად დაცული საკულტო დანიშნულების ფიალა, რომელიც იშვიათია ჩვენს კუთხეში. სულ სამი ეგზემპლარია აღმოჩენილი და სამივე ქედის მუნიციპალიტეტში. არქეოლოგების განცხადებით, ძეგლი მეტად საინტერესოა, იკვეთება ხანგძლივი პერიოდის ნამოსახლარი. საბოლოო დასკვნები დაიდება სრული შესწავლის შემდეგ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
აჭარის არქეოლოგიური მუზეუმი და ქედის ისტორიული მუზეუმი ერთობლივი ექსპედიციის 8-დღიანი სამუშაოების შედეგად მივიდნენ იმ კულტურულ ფენამდე, სადაც აღმოჩენილი და წამოღებული მასალები თარიღდება ანტიკური პერიოდით.