3-12-2018
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და ადგილობრივი ხელისუფლება სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს სამივე რეგიონში აგრძელებს. დილიდან განახლდა კორპუსების გადახურვის სამუშაოები.
სამინისტროს ცნობით, ჩოხატაურში, ქუთაისსა და აბაშაში მოსახლეობა უკვე მომარაგდა გადახურვისათვის საჭირო მასალით. მასალის დარიგება გაგრძელდება სამივე რეგიონში.
სამინისტროს განცხადებით, შესაბამისი მუნიციპალური სამსახურები ყველა რეგიონში მუშაობას საგანგებო რეჟიმში აგრძელებენ.
სამეგრელო - ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის ცნობით, აბაშის მუნიციპალიტეტში სტიქიით დაზარალებულ 70-მდე ოჯახს საცხოვრებელი სახლების სახურავების აღსადგენად თუნუქის სახურავები გადაეცათ.
30 ნოემბერს, სამეგრელოს რეგიონში ძლიერი ქარის შედეგად აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მაიდნის საბავშვო ბაღისა და N1 საჯარო სკოლის სახურავებიც დაზიანდა, რომელთა რეაბილიტაცია უახლოეს დღეებში დაიწყება.
დღესვე, ხელისუფლების წარმომადგენლებმა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიაში ძლიერი ქარისაგან დაზიანებული საბავშვო ბაღის შენობა და ქალაქ ხობში ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი დაათვალიერეს. ამ შენობების აღდგენითი სამუშაოები ხვალიდან დაიწყება. სტიქიამ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქარიატაში ბონდის ხიდიც დააზიანა. ხიდი სოფლის ორ ნაწილს ერთმანეთთან აკავშირებდა და მისით სკოლის მოსწავლეებთან ერთად, სკოლამდელი ასაკის ბავშვებიც სარგებლობდნენ.
ხიდის რეაბილიტაციამდე ბავშვები მერიის მიერ გამოყოფილი ტრანსპორტით უფასოდ ისარგებლებენ. ტრანსპორტი შემოვლითი გზით იმოძრავებს და საგანმანათლებლო დაწესებულებამდე მოსწავლეების უსაფრთხო მგზავრობას უზრუნველყოფს.