გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ყაზბეგის ეროვნული პარკის ტერიტორია იზრდება

6-12-2018

პარლამენტმა პირველი მოსმენით მთავრობის მიერ “დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ” კანონში შეთავაზებული ცვლილებები განიხილა, რომლის მიხედვითაც, ყაზბეგის ეროვნული პარკის ტერიტორია მნიშვნელოვნად იზრდება. ინფორმაციას სააგენტო  "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.


წარმოდგენილი პროექტის მიღების შემდეგ, ეროვნული პარკის ტერიტორია, რომლის ფართობიც 69 518 ჰა იყო, 78 201 ჰა. გახდება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის ნინო თანდილაშვილის თქმით, მომზადდება მენეჯმენტის გეგმა, თუ რა ტიპის ინფრასტრუქტურა შეიძლება მოეწყოს, რითაც ადგილობრივ მოსახლეობას სარგებლის მიღების შესაძლებლობა ექნება.


დეპუტატები დაცული ტერიტორიების საზღვრების გაფართოებას მხარს უჭერენ, თუმცა უმრავლესობის ნაწილმა სწორედ ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების შელახვის საფრთხე დაინახა.


კერძოდ, როგორც პლენარულ სხდომაზე პარლამენტის წევრმა მირიან წიკლაურმა განაცხადა, დაცული ტერიტორიების საზღვრებში კერძო ტერიტორიები და კერძო საკუთრება ექცევა, რამაც შეიძლება სერიოზული კონფლიქტი გამოიწვიოს. წიკლაურმა პროექტის განხილვის შეჩერება და ყაზბეგის მოსახლეობასთან კონსულაციების გამართვა მოითხოვა. მონადირეთა უფლებების დაცვაზე გაამახვილა ყურადღება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ზაზა ხუციშვილმა.


საბოლოოდ მხარი კანონპროექტს პრინციპების დონეზე იმ დათქმით დაუჭირეს, რომ მეორედ მოსმენით განხილვისას, ყაზბეგის დაცული ტერიტორიების საზღვრების დადგენასთან დაკავშირებით დამატებითი კონსულტაციები გაიმართება.


ამასთან, ყაზბეგის ეროვნული პარკის გაფართოებასთან ერთად, პროექტის მიზანია ასევე, კინტრიშის დაცული ლანდშაფტისა და კინტრიშის სახელმწიფო ნაკრძალის რეკლასიფიკაციის შედეგად კინტრიშის ეროვნული პარკისა და კინტრიშის სახელმწიფო ნაკრძალის ჩამოყალიბება, აგრეთვე ალგეთის ეროვნული პარკის, კინტრიშის დაცული ტერიტორიების (კინტრიშის სახელმწიფო ნაკრძალი და კინტრიშის ეროვნული პარკი), ჭაჭუნის აღკვეთილის, ყორუღის აღკვეთილის, ქცია-ტაბაწყურის აღკვეთილისა და თეთრობის აღკვეთილის დემარკაციის შედეგად მიღებული ზუსტი კოორდინატების კანონში ასახვა.


კანონში შესატანი ცვლილებები დეპუტატებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა გააცნო.


imedinews.ge