6-12-2018
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით, რუსთავის შშმ პირთა დღის ცენტრში ღონისძიება გაიმართა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს, ღონისძიებას ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციების, კერძო სექტორის წარმომადგენლები და მიწვეული სტუმრები დაესწრნენ.
დღის ცენტრის ბენეფიციარებმა, სტუმრებს მუსიკალური სპექტაკლი ,,ფიფქია და შვიდი ჯუჯა“ წარუდგინეს, რომელშიც უფროსი და უმცროსი თაობის აღსაზრდელები მონაწილეობდნენ. „ძალიან ემოციური და ლამაზი დღეა. სანახაობრივად ძალიან საინტერესო წარმოდგენა იყო, რომელშიც დღის ცენტრის უნიჭიერესი ბავშვები ღებულობდნენ მონაწილეობას. ეს ყველაფერი ერთობლივი ძალისხმევით ხდება, ამ ცენტრში არის ხელმძღვანელობა და არიან პედაგოგები, რომლებიც დიდი სითბოთი და სიყვარულით აკეთებენ თავიანთ საქმეს“, - განაცხადა ქვემო ქართლის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა.
რუსთავის მერის ირაკლი ტაბაღუას განცხადებით, 2019 წლიდან შშმ პირთა დღის ცენტრის თანამშრომლებს ხელფასები გაეზრდებათ. "ამ ცენტრის თითოეულ თანამშრომელს მინდა ვუთხრა გულწრფელი მადლობა, ისინი მართლაც განსაკუთრებულად ზრუნავენ და საკუთარი შვილებივით უყვართ ის ადამიანები, რომლებიც უფრო მეტ სიყვარულსა და უფრო მეტ მზრუნველობას საჭიროებენ ჩვენგან“, - განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.
შშმ პირთა დღის ცენტრი, რუსთავში 20 წელია ფუნქციონირებს და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. დღის ცენტრში თერაპიურ კურსს გადის და ინკლუზიურ განათლებას 164 განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბენეფიციარი იღებს.