19-12-2018
თიბისი ბანკის და EBRD-ის ფინანსური მხარდაჭერით, “GRDC” და „აჭარა ჯგუფი“ ბაკურიანში “კოხტა რუმს ჰოტელ მენეჯმენტის“ სასტუმროს ააშენებს.
მხარეებს შორის ხელშეკრულებას დღეს სასტუმრო „რუმსში“ მოეწერა ხელი და ის „კოხტა გორაზე“ ახალი სათხილამურო ტრასის მიმდებარე ტერიტორიაზე,არანაკლებ 92 ნომრიანი სასტუმროსა და 70 აპარტამენტის მშენებლობას ითვალისწინებს.
პროექტი „აჭარა ჯგუფის“ მიერ შექმნილი ქართული ბრენდის, Rooms Hotels-გაგრძელებაა. ხოლო GRDC პროექტის მომდევნო ფაზაზე დამატებითი საცხოვრებელი აპარტამენტების კომპლექსის მშენებლობას განახორციელებს. „Rooms Hotel Kokhta“ თავისი გამორჩეული არქიტექტურით და დიზაინით მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს აღნიშნული რეგიონის ტურიზმის განვითარებაში.
სასტუმრო „Rooms Hotel Kokhta“ ბაკურიანში, „კოხტა გორას“ ტერიტორიაზე, კოხტას ახალი სათხილამურო ტრასის საბაგიროსთან განთავსდება. იგი წელიწადის ოთხივე სეზონზე მოემსახურება სტუმრებს და პირველ დამსვენებლებს უკვე 2019 წლის ზაფხულის სეზონამდე მიიღებს. კურორტის განვითარების მხოლოდ პირველ ფაზაზე სასტუმროსა და აპარტამენტების კომპლექსი 17 000 კვ. მ-ზე გაშენდება, საიდანაც 5 000 კვ.მ აპარტამენტებს, ხოლო 12 000 კვ.მ სასტუმროს დაეთმობა.
„Rooms Hotel Kokhta“ Ski-in, Ski-out-ის ტიპის პირველი სასტუმრო იქნება, რაც გულისხმობს სათხილამურო ტრასებზე ასვლას/დაბრუნებას ან სხვა სათხილამურო ხაზებზე გადასვლას მხოლოდ საბაგირო ინფრასტრუქტურით, რაც უშუალოდ სასტუმროს მომიჯნავე ტერიტორიიდან იქნება შესაძლებელი.