31-12-2018
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, ვახტანგ ყოლბაია საახალწლო მიმართვის ტექსტს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"რამდენიმე საათში ახალი, 2019 წელი კარს შემოგვიღებს. დადგება ქრისტეს დაბადების 2019 წელი.
ვუსურვებ საქართველოს ყველა ოჯახს, დიდსა თუ პატარას, ბედნიერებას, სიხარულს, კეთილდღეობას, ხვავსა და ბარაქას, ტკივილების მოშუშებას, ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას.
ვუსურვებ საკუთარი კუთხიდან დევნილ მოსახლეობას განსაკუთრებული შობა-ახალი წლის დღეებს, რომელიც ყოველ ჩვენგანს მოუტანს იმ იმედის აღსრულებას, რომელსაც შინ დაბრუნება ჰქვია. ნურავის ექნება იმედი, რომ ვინმეს დავანებებთ მამა-პაპათა ნაფუძარს, მრავალი თაობის მიერ შექმნილ დოვლათსა და ბარაქას. იქ ჩვენი სახლია, ჩვენი სულია, ჩვენი ჭირ-ვარამი და სიხარულია. არ ვიცი რომელი ადამიანური საზომით შეიძლება შეფასდეს თქვენი მოთმინება, შრომისმოყვარეობა, რაშია თქვენი გასაოცარი სიცოცხლისმოყვარეობის, ფოლადისებური სიმტკიცისა და გამძლეობის ამოუცნობი საიდუმლო. ნათქვამია, რაც არ გვკლავს ის გვაძლიერებსო. ამიტომაც, ნურაფრის ნუ შეგვეშინდება! ჩვენ მხარს გვიჭერს და გვერდით გვიდგას მთელი პროგრესული კაცობრიობა, პოლიტიკური თუ სამოქალაქო ძალა. მაგრამ ჩვენი მომავალი ჩვენვე უნდა გამოვძერწოთ, რადაც უნდა დაგვიჯდეს. ყველამ უნდა მივიღოთ მონაწილეობა აფხაზებთან მშვიდობიანი ურთიერთობის დამყარების, ნდობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობის აღდგენის საქმეში. ჩვენ ყველანი ერთნი და ერთიანნი ვართ. ჩვენვე უნდა დავძრათ აისბერგი, რომელსაც ერთმანეთთან მისასვლელი გზები ჩახერგილი აქვს. ახალი 2019 წელი უნდა იქცეს ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ახალი ეტაპის დასაწყისად, ახალი იდეების, ახალი მიდგომების დამკვიდრების გზაზე.
როგორც უნდა იღვაწონ ოკუპანტებმა ისტორიის ჩარხს უკუღმა ვერ დაატრიალებენ, ღვთისა და კაცობრიობის ნებას წინ ვერ აღუდგებიან. ჩვენ ყველანი ერთად დავბრუნდებით. ბიბლიაში ნათქვამია: არის ჟამი სიძულვილისა და ჟამი სიყვარულისა, ჟამი სიკვდილისა და სიცოცხლისა. ჩვენ სიცოცხლეზე, სიყვარულზე და ერთმანეთის დაბრუნებაზე ვფიქრობთ. ორივე მხარეს მყოფებმა ერთად უნდა ვიბრძოლოთ, რათა მომავალი წელი გახდეს გარდამტეხი იმ ურთიერთობების აღდგენაში, რომელიც ტრადიციულად გვაკავშირებდა ორ უძველეს და უნიკალურ ერს. ერთად უნდა დავძლიოთ წინააღმდეგობები, ერთად უნდა დავივიწყოთ წყენა, უთანხმოება, გავუწოდოთ ერთმანეთს ხელი მშვიდობისა და შერიგებისთვის ერთობლივად ვიღვაწოთ. აფხაზეთში დაბრუნებამდე უნდა დავუბრუნდეთ ერთმანეთს სიყვარულით და სიკეთით. გამარჯვება ჩვენი ხვედრია. მართალია, სამართალი ურმით დადის, მაგრამ სამაგიეროდ ყველას კართან მიდის.
მინდა მოგმართოთ ყველას, ჩემო მეგობრებო, ახლობლებო, ნათესავებო, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, ოკეანის გაღმა და ევროპაში, ქვეყნის ნებისმიერ კუთხეში მყოფნო, მინდა ხმა მოგაწვდინოთ, მოგეფეროთ, მოგილოცოთ დამდეგი შობა-ახალი წელი, გისურვოთ ჯანის სიმრთელე, წინსვლა და გამარჯვება იყოს მუდამ თქვენი თანამგზავრი და გზის მანათობელი.
ახალი წლის დამდეგს მინდა ნუგეში ვცე სამშობლოსათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა დედებს, მამებს, მეუღლეებს, შვილებს, ყველა ჭირისუფალთ. სამშობლო არასდროს დაივიწყებს თქვენს ძვირფას სახელებს.
განსაკუთრებული იყოს ეს წელი საქართველოს ყოველი მოქალაქისთვის, ჩვენი პატარების, ჩვენი საამაყო ახალგაზრდობისათვის, ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის, სქესის, რელიგიური მრწამსის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებების, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების მიუხედავად.
ხვავი და ბარაქა თქვენს ოჯახებს!
მრავალ ახალ შობა-ახალ წელს დაესწარით ძვირფასო მეგობრებო!
იდღეგრძელეთ და იბედნიერეთ!
ღმერთი ფარავდეს ერთიან საქართველოს!"-ნათქვამია მისალოც წერილში.