6-01-2019
ქუთაისის მერმა, გიორგი ჭიღვარიამ, ქალაქს თავი ვერც სიტყვით და ვერც საქმით დაამახსოვრა. თუმცა ის საქართველოში ერთერთი პოპულარულია მერია, რომელიც ყოველთვის უხერხულ სკანდალში ეხვევა.გავიხსენოთ რამდენიმე სკანდალი:
1. 2018 წელს იტალიის ქალაქ კოზენცაში გამართულ ვორქშოპზე, ქართველი მხატვრის ლევან გოგიტაძის მიერ დახატული ქუთაისის მერის პორტრეტი საგამოფენო სივრცეში გამოიფინა, რაც მალევე გახდა ქილიკის საგანი.
2. ქალაქის მერმა საკუთარ ფეისბუქის გვერდზე საზოგადოებას ამცნობდა, რომ ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკვერი თანამედროვე ტიპის სანათებით განათდა, თუმცა, სინამდვილეში სკვერში არსებული ძეგლი ქუთაისელ მოქანდაკეს და ქართული ქანდაკების ფუძემდებელს, იაკობ ნიკოლაძეს ეკუთვნის.
3. 2018 წლის მთავარი სირცხვილი „გაუბედურებული“ თეთრი ხიდია, სადაც გავლა დღესაც საშიშია. მერიამ დაუსრულებელი ხიდი საზეიმოდ გახსნა, თუმცა, რამდენიმე დღეში ქარმა ლითონის ფილების ნაწილი დააზიანა. ასევე ერთ–ერთმა მოქალაქემ, რომელიც ხიდზე ამოტვიფრულ ციტატებს კითხულობდა, აღმოაჩინა, რომ ტერენტი გრანელის ლექსზე “აღსარება ქუთაისს”, ავტორად კოლაუ ნადირაძე იყო მითითებული.
კიდევ იყო რამდენიმე უხერხულობა, რაზეც ყურადღებას არ გავამახვილეთ. არსებობს კიდევ ერთი ამბავი, რომელზეც ქუთაისში ბევრი საუბრობს, თუმცა ამ თემაზე საჯაროდ საუბარს ყველა ერიდება. ჩვენი ინფორმაციით ქალაქის მერთან შეხვედრაზე იმყოფებოდა ცნობილი საოპერო ტენორის ზურაბ ანჯაფარიძის მეუღლე ქალბატონი მარინა მაჭავარიანი, რა დროსაც ქუთაისის მერმა ქალბატონი მარინას მეუღლე რომელიც 21 წლის წინ გარდაიცვალა დიდი პატივისცემით მოიკითხა.
აღნიშნული ისტორიის გადასამოწმებლად, ჩვენ ქალბატონ მარინა მაჭავარიანს დავუკავშირდით, რომელმაც იუმორით გვიპასუხა და აღნიშნა რომ არ სურდა ამ თემაზე საუბარი, თუმცა იმის შესახებ რომ ქალაქის მერს, 21 წლის წინ გარდაცვლილი მეუღლე ცოცხალი ეგონა, დაგვიდასტურა.
„არ მსურს ამ თემაზე საუბარი, თუმცა ჩემთან საუბარში ბევრი ადამაინი აღნიშნავს, რომ ქალაქის მერს ჩემს მეუღლესთან შეხვედრა სურდა. მე კომუნიკაცია მქონდა ქალაქის ყოფილ მერთან ბატონ შოთა მურღულიასთან, ჩვენ გვსურდა ჩემი მეუღლის სახლ-მუზეუმის გაკეთება რაც ვერ მოესწრო. მე შემიძლია დაგიდასტუროთ რომ მე ნამდვილად ვიმყოფებოდი ბატონ გიორგი ჭიღვარისთან კაბინეტში და ამ თემაზე გქვონდა საუბარი, დაპირებაც მივიღე, ვისარგებლებ შემთვევით ჩემს საყვარელ ქუთაისელებს მივულოცავ შობა-ახალ წელს “ – განაცხადა ქალბატონმა მარინამ ჩვენთან საუბარში.
ჩვენი ინფორმაციით, რაც აღნიშნული ფაქტი სოციალური ქსელებში გახმაურდა, ქალბატონ მარინასთან განხორცილედა ზარი ქუთაისის მერიიდან, მასთან კომუნიკაცია ჰქონდა ნატალია პატარიძეს და ასევე ქუთაისის ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელს ირინა ლომინაძეს. მათ სთხოვეს ქალბატონ მარინას რომ აღნიშნული ფაქტი არ დაედასტურებინა ჟურნლისტებთან.
შესაძლებელია ამ სტატიის გამოქვეყნების შემდეგ მერიამ ინფორმაცია გაავრცელეოს, თითქოს მერმა ცნობილი მომღერლის შვილი მოიკითხა, რადგან შვილს, რომელიც ასევე საოპერო მომღერალია, ზურიკო ქვია, თუმცა ამ ამბავს ალბათ ქალაქის მერი ჩვენი სტატიიდან წაიკითხავს.
შეგახსენებთ რომ ზურაბ ანჯაფარიძე გარდაიცვალა 1997 წლის 12 აპრილს. დაკრძალულია ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის ბაღში. 2001 წელს კი ოპერის სკვერში დაიდგა მომღერლის ბიუსტი.