გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

გრიპის ვირუსის გამო შესაძლოა რუსეთმა ლარსის გამტარ პუნტზე კონტროლი გაამკაცროს, რაც უზარმაზარ რიგებს გამოიწვევს

15-01-2019

რუსული გამოცემის, «Независимая газета»-ს მიერ გამოქვეყნებული სტატია ეხება საქართველოში გრიპის ვირუსით დაავადებასთან დაკავშირებულ სიტუაციას და გადმოცემულია ის ძალისხმევა, რასაც რუსეთის შესაბამისი სამსახურები ახორციელებენ - რუსეთის ტერიტორიაზე ვირუსის შეღწევის თავიდან აცილების მიზნით.


საინფორმაციო პორტალი region.ge გთავაზობთ იური როქსის ავტორობით გამოქვეყნებული მასალის ქართულენოვან რეზიუმეს:


„საქართველოში გრიპის ვირუსი H1N1-ის გავრცელების გამო რუსეთმა გააძლიერა სანიტარულ-საკარანტინო კონტროლი „ზემო ლარსის“ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე, რის შედეგადაც უამინდობით გამოწვეული ავტომანქანების რიგი შეიძლება კიდევ უფრო გადიდდეს, რადგანაც შემოწმება დროს მოითხოვს.


საქართველოს ხელისუფლება ირწმუნება, დაავადების მასშტაბი მცირდებაო, მაგრამ ფაქტია, რომ გარდაცვლილთა რაოდენობა მაინც მატულობს. როგორც „როსპოტრებნადზორის“ წარმომადგენელი, ფატიმა ბეგუზაროოვა ამბობს გაზეთის კორესპონდენტთან საუბარში, „ჩვენ ვაცნობეთ საბაჟო და სასაზღვრო სამსახურებს, რომ გააძლიერონ კონტროლი იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც საზღვარზე გადმოდიან. აუცილებელია მათი შემოწმება, რადგან, ვირუსის საინკუბაციო პერიოდის გათვალისწინებით, ადამიანი შეიძლება საქართველოში დაავადდეს, ავადმყოფის ნიშნები კი მას რუსეთში გამოაჩნდეს“.


რუსეთი საქართველოსთან ჯერ-ჯერობით საზღვარს არ ხურავს, მაგრამ რაც შეეხება „ნაწილობრივ აღიარებულ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებას“, მათ უკვე მიიღეს რადიკალური ზომები და საზღვრებზე მოძრაობა აკრძალეს, - აღნიშნულია სტატიაში.


პუბლიკაციის ავტორი ვრცლად მიმოიხილავს საქართველოს მთავრობის ძალისხმევას მოსახლეობის ანტიგრიპული პრეპარატებით მომარაგების თაობაზე. სტატიაში აღნიშნულია, რომ ხელისუფლება უფასოდ უზრუნველყოფს ავადმყოფ ადამიანებს მედიკამენტებით, კერძოდ „ტამიფლუს“ პრეპარატით.

შექმნილი სიტუაციის გამო საზოგადოების წარმომადგენელებმა მზერა ისევ რიჩარდ ლუგარის სახელობის ბიოლოგიურ ლაბორატორიას მიაპყრეს: ობივატელს კითხვა უჩნდება - რატომ მეორდება ყოველწლიურად გრიპის სასიკვდილო ვირუსის გავრცელება? სანამ ლაბორატორია გაიხსნებოდა, გრიპის ასეთი აფეთქებები ხომ არ ყოფილაო...


თავის მხრივ, საქართველოს ხელისუფლება შეუსვენებლივ უარყოფს ამ ეჭვებს: „დაავადების კონტროლის ეროვნული ცემტრი“ (ასე ჰქვია ლაბორატორიას ოფიციალურად) სამეცნიერო დაწესებულებაა, იცავს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყველა მითითებას და საუბარი იმაზე, რომ ცენტრში რაღაც ექსპერიმენტები ტარდებაო, სრული აბსურდია.


როგორც ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ უთხრა „ნეზავისიმაია გაზეტას“ კორესპონდენტს, ლაბორატორია გამჭვირვალედ მუშაობს და არავინ არაფერს არ მალავს. „გამჭვირვალეობა ჩვენი მუშაობის მუდმივი პირობაა. შემოწმების მიზნით რუსი სპეციალისტებიც იყვნენ მოწვეულები, მაგრამ მათ უარი განაცხადეს, თუმცა კარგი იქნებოდა საკუთარი თვალით ენახათ ყველაფერი და ამით თუ ბოლო არ მოეღებოდა ჭორების გავრცელებას, შემცირდებოდა მაინც“.


ამასთან, რუსი პოლიტოლოგი ალექსი მარტინოვი დარწმუნებულია, რომ კვამლი უცეცხლოდ არ არსებობს. „დოკუმენტები ლუგარის ლაბორატორიის საეჭვო საქმიანობაზე არაერთხელ იქნა გავრცელებული როგორც საქართველოს უშიშროების ექს-მინისტრის იგორ გიორგაძის, ასევე ბულგარელი ჟურნალისტის დილიანა გაიტანჯიევის მიერაც“, - უთხრა ალექსეი მარტინოვმა „ნეზავისიმაია გაზეტას“ კორესპონდენტს. „ლუგარის ლაბორატორია თითქოსდა კეთილი მიზნებისთვის გაიხსნა და მოსახლეობის ჯანდაცვას ემსახურება, მაგრამ მაშ რატომ მატულობს დაავადების რაოდენობა? შეიძლება ეს უბრალო დამთხვევაა, მაგრამ მაინც საეჭვო ხასიათი აქვს. რაც შეეხება ქართული მხარის მოწოდებას - მოდით და ნახეთ, რას ვაკეთებთ, ლაბორატორიის უსაფრთხოებაში თვითონ დარწმუნდითო, ეს მოწოდება, ერთი მხრივ, რა თქმა უნდა, მისასალმებელია, მაგრამ მეორე მხრივ - სადაა გარანტიები, რომ რუს ექსპერტებს ქართველები ყველაფერს აჩვენებენ და არა მარტო იმას, რასაც თვითონ ჩათვლიან საჩვენებლად?“, - ამბობს პოლიტოლოგი.