გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

აფხაზეთში მოკლეს ერთი რუსი, მეორე მძიმედ დაჭრეს

19-01-2019

თვითგამოცხადებულ აფხაზეთში დიდი რეზონანსი მოჰყვა 14-15 იანვარს მომხდარ თავდასხმებს, რომლის შედეგად რუსეთის ერთი მოქალაქე მოკლეს, ხოლო მეორე მძიმედ დაჭრეს. სამართალდამცველები თავდამსხმელებს დღემდე ეძებენ. სოხუმის პროკურატურა საქმეს იძიებს ძარცვის ნიადაგზე ჩადენილი მკველელობის მუხლით.


მიხაილ მასლოვი აფხაზეთში ცოლსა და შვილებთან ერთად ხუთი წლის წინ კოსტრომიდან ჩავიდა. ამის მიზეზი გამხდარა ბავშვის ჯანმრთელობა, რომელიც აფხაზეთში თავს უკეთ გრძნობდა. თავად მიხაილ მასლოვი, პროფესიით ავტომექანიკოსი, მანქანების რემონტით იყო დაკავებული. ოჩამჩირის რაიონის სოფელ ტამიშში მას ახასიათებდნენ როგორც მშვიდ და კეთილ ადამიანს, რომელიც ყველას ეხმარებოდა, ვინც დასახმარებლად მიმართავდა.


მიხაილ მასლოვზე თავდასხმამ და მკვლელობამ ღამით, როდესაც, ტრადიციულად, ძველით ახალი წელი აღინიშნება, შოკში ჩააგდო თანასოფლელები, რომლებიც გარეთ გამოცვივდნენ ოლგა მასლოვას ყვირილზე.


თავდასხმა 14 იანვარს შუაღამის 1.15 საათზე მოხდა. თვითაღიარებული აფხაზეთის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, თავდამსხმელები შეიარაღებული იყვნენ სანადირო თოფებით და მოქმედებდნენ წინასწარგანზრახვით, ქონების ხელში ჩაგდების მიზნით, მასლოვი კი სიცოცხლეს მას შემდეგ გამოასალმეს, რაც მან წინააღმდეგობის გაწევა სცადა.


მოკლულის ცხედარს გადაგზავნიან კოსტრომაში, ხოლო მიხაილის მეუღლე, ოლგა, გამოძიების დასრულებამდე დარჩება აფხაზეთში, შემდეგ კი მასაც განზრახული აქვს რუსეთში დაბრუნება.


რაც შეეხება მეორე ტრაგიკულ ინციდენტს, ის მოხდა 15 იანვარს, როდესაც დაუდგენელი ასაფეთქებელი ნივთიერების აფეთქების შედეგად მძიმედ დაიჭრა 1966 წელს დაბადებული მოსკოველი მეწარმე მიხაილ ევალენკო. გამოძიებით დადგინდა, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა დაზარალებულის კუთვნილ ავტომობილ „«Audi Q-7»-ის კაპოტის ზედა ნაწილზე ყოფილა მოთავსებული.


სეპარატისტული აფხაზეთის პროკურატურის მიერ ამ შემთხვევაშიც საქმე აღიძრა „განზრახ მკვლელობის მოტივით თავდასხმის“ მუხლით, თავად ევალენკო კი გადაყვანილია ქალაქ სოჭის საავადმყოფოში, სადაც დაჭრილს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მან ორივე თვალში მხედველობა დაკარგა. ევალენკოს ოჯახის წევრები მოსკოვიდან მაშინვე აფხაზეთში ჩავიდნენ და დაჭრილის დაუყოვნებლივ სოჭში გადაყვანა მოითხოვეს.


1992-93 წლების ომის შემდეგ მიხაილ ევალენკომ აფხაზეთში სახლი შეიძინა, რომელშიც 15 წლის განმავლობაში ცხოვრობდა. გადაადგილდებოდა აფხაზურნომრიანი ავტომობილით, ჰყავდა ბევრი მეგობარი, ხოლო ოჯახი პერიოდულად სტუმრობდა მას აფხაზეთში. არსებული ინფორმაციით, ევალენკოს მოსკოვში ჰქონდა სამშენებლო ბიზნესი, იყო ასევე დამფუძნებელი კომპანია „ნოვოპლასტის“, რომელიც შესაფუთ პლასტიკურ ნაკეთობებს ამზადებდა.


16 იანვარს თვითგამოცხადებულ აფხაზეთში მცხოვრები რუსების საზოგადოებამ საგანგებოდ გავრცელებული განცხადებით დაგმო კრიმინალური ვითარების გამწვავება აფხაზეთში. საზოგადოების წევრები აცხადებენ, რომ შეძრულები არიან მიხაილ მასლოვის სასტიკი მკვლელობითა და მიხაილ ევალენკოზე მომხდარი თავდასხმით და მოუწოდებენ სამართალდამცველებს ყველაფერი გააკეთონ დამნაშავეების დასადგენად და დასაკავებლად.





radiotavisufleba.ge