24-01-2019
შვეიცარიაში, დავოსში მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა - ზავით ზალკალიანმა ჟურნალისტებთან საქართველო-ევროკავშირს შორის უვიზო რეჟიმის შეჩერების საფრთხეებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ჟურნალისტებთან საუბრისას დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციის შეჩერება არ ემუქრება. მინისტრის განცხადებით, ქვეყანას არათუ ზემოხსენებული საფრთხე ემუქრება, არამედ ის ზედმიწევნით ასრულებს ევროკომისიის მიმართ საქართველოს წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს.
„ძალიან მკაფიო განცხადებები გაკეთდა ბრიუსელში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის დროს ევროკომისიის პრეზიდენტის მხრიდან და ჩვენ ასევე გვაქვს ჩვენი პარტნიორების მხრიდან ძალიან სერიოზული და მკაფიო მინიშნებები იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს არ ემუქრება ვიზა-ლიბერალიზაციის შეჩერების საფრთხე. ბოლო ანგარიშში, რომელიც 2018 წლის დეკემბერში იყო წარმოდგენილი ევროკომისიის მისიის მხრიდან, არანაირი მინიშნება იმაზე, რომ საქართველოს ემუქრება რაიმე სახის სავიზო ლიბერალიზაციის შეჩერება არ არსებობს. უფრო მეტიც, იქ არის საუბარი იმაზე, რომ საქართველო ზედმიწევნით კარგად ასრულებს ევროკომისიისა და ევროკავშირის ყველა მითითებას“ - განაცხადა მინისტრმა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის განმარტებით, საქართველო ითვალისწინებს ევროპელი პარტნიორების ყველა წუხილს და ქვეყნის აღმასრულებელი და საკანონმდებლო უწყებები ძალისხმევას არ იშურებენ რათა გატარდეს პრევენციული ზომები ევროკავშირის წევრ ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელ თანამოქალაქეთა უკანონო გადინების წინააღმდეგ. დავით ზანკალიანმა აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით როგორც შიდა ისე საერთაშორისო არენაზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.
”ვაკეთებთ ყველაფერს, რაც ჩვენს ხელთ არსებობს, იგივე კომუნიკაციის სტრატეგია საზოგადოებასთან და უკეთ ახსნა, რომ თავშესაფრის მიკუთვნებასთან დაკავშირებით არცერთი მათი მოთხოვნა არ იქნება დაკმაყოფილებული გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან ბევრმა ევროკავშირის წევრმა ქვეყანამ საქართველო შეიყვანა უსაფრთხო ქვეყნების რიგში. ასევე შინაგან საქმეთა სამინისტრო ძალიან სერიოზულ ნაბიჯებს დგამს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთობლივი ქმედებების დაგეგმვის თვალსაზრისით და რაც მთავარია საკანონმდებლო ინიციატივების თვალსაზრისით პარლამენტთან ერთად საქართველოს მთავრობა ქმედით ნაბიჯებს დგამს რომ მოვახდინოთ იმ ადამიანების, უკანონოდ გადინების აღმოფხვრა, რომლებიც სამწუხაროდ არაკეთილსინდისიერად იყენებენ იმ დიდ მონაპოვარს, რაც ჩვენთვის არის უაღრესად მნიშვნელოვანი“-აღნიშნა მინისტრმა.
დავით ზალკალიანის განცხადებით, ხელისუფლება უფრთხილდება ვიზა-ლიბერალიზაციის შეთანხმებას, რომელიც არის არა მხოლოდ ტექნიკური გადაწყვეტილება ევროკავშირის მხრიდან, არამედ მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილია.
„მინდა გითხრათ, რომ ჩვენ, საქართველოს ხელისუფლება ძალიან ვუფრთხილდებით ამ მონაპოვარს, რომელიც არის არა მხოლოდ ტექნიკური გადაწყვეტილება ევროკავშირის მხრიდან, არამედ მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილია რაც კიდევ უფრო გვაახლოებს ევროპასთან“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა.