24-01-2019
განახლებადი ენერგიის სფეროში მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი კომპანია ACCIONA საქართველოში ქარისა და მზის სადგურების განვითარებით დაინტერესდა. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან დავოსში გამართულ შეხვედრაზე კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა რაფაელ მატეო ასკალამ აღნიშნა, ACCIONA-ს დელეგაცია არსებული შესაძლებლობების გასაცნობად საქართველოს მომავალ თვეს ეწვევა.
პრემიერი ინვესტორს ასევე ესაუბრა საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და მდიდარ ჰიდრორესურსებზე, საქართველოში არსებულ დაბალ გადასახადებზე, ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით ქვეყნის მოწინავე პოზიციებზე, ასევე - თანაინვესტირების ფონდზე, რომელიც ყველაზე მსხვილი საინვესტიციო ფონდია.
საუბრისას აღინიშნა, რომ მსოფლიოში ელექტროენერგიის მოხმარება იზრდება და მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით აუთვისებელი რესურსების რაციონალურად გამოყენება, ასევე განახლებადი ენერგიის წყაროების მაქსიმალური განვითარება.
შეხვედრას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია და თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი დაესწრნენ.
ACCIONA ინფრასტრუქტურული პროექტების, განახლებადი ენერგიისა და წყლის მენეჯმენტის სფეროში მსოფლიოს ლიდერი კომპანიაა, რომელსაც მსოფლიოს 30 ქვეყანაში 32 ათასი ადამიანი ჰყავს დასაქმებული.