26-01-2019
თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა ქონების ჩამორთმევაში ბრალდებული კუდის მაღალჩინოსნის კ. ა.-ს საქმის განხილვა.
სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და საქართველოს შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული მთავარი სამმართველოს უფროსი კ.ა. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში. ასევე, პროკურატურის შუამდგომლობით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ უკანონოდ გასამართლებული ნოდარ კაკაბაძის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა.
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით და სასამართლოს განაჩენით დადასტურებულია: 2008-2009 წლებში საქართველოს შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული მთავარი სამმართველოს უფროსი, ე.წ. იმერეთის უშიშროების უფროსი კ.ა. კუდის თანამშრომლების დახმარებით ეწეოდა იმერეთის რეგიონში მოღვაწე ბიზნესმენებისათვის თანხების გამოძალვას, რასაც სისტემატიური ხასიათი ჰქონდა.
კერძოდ, 2008 წლის აგვისტოს თვეში კ.ა.-მ მის დაქვემდებარებაში მყოფ კუდის ოპერატიულ თანამშრომელს, მისცა უკანონო დავალება, ვინაიდან მას ესაჭიროებოდა ფულადი სახსრები, ამ უკანასკნელს მოეძიებინა კონკრეტული მეწარმეები, რომლებიც შეძლებდნენ აღნიშნული თანხების გადახდას. დავალების შესრულების მიზნით, ოპერატიული თანამშრომელი კ.ჭ. დაუკავშირდა შპს „ლაგი“-ს დირექტორს ლ.კ.-ს და სამომავლოდ პრობლემების თავიდან აცილების სანაცვლოდ ფულადი თანხების შეწირვა მოსთხოვა. აღნიშნულზე, დაზარალებულმა ბიზნესმენმა 15 000 ლარი ჩარიცხა კუდთან დაახლოებული კერძო პირის სახელზე გახსნილ საბანკო ანგარიშზე, რის შემდეგაც თანხა კუდის მაღალჩინოსნის კ.ა.-ს ხელში აღმოჩნდა.
ანალოგიურად, 2008 წლის აგვისტოს თვეში კ.ა.-მ მორიგი გამოძალვა შპს „ლუქსი“-ს წარმომადგენლების მიმართაც განახორციელა. კერძოდ, მისი დავალებით მოქმედმა იმავე ოპერატიულმა თანამშრომელმა იმერეთის კუდის შენობაში დაიბარა შპს „ლუქსი“-ს დირექტორი ზ.ვ. და მას სამომავლოდ პრობლემების თავიდან აცილების სანაცვლოდ ფულადი თანხების გადახდა მოსთხოვა.
მოსალოდნელი გართულებებისგან თავის არიდების მიზნით, კომპანიის წარმომადგენლების მიერ გადახდილ იქნა 100 000 ლარი, რაც ოპერატიულმა თანამშრომელმა, დავალებისამებრ მის ხელმძღვანელ კ.ა.-ს გადასცა. გარკვეული პერიოდის შემდეგ ხსენებული კომპანიის წარმომადგენლები კვლავ გახდნენ კ.ა.-ს უკანონო ქმედებების მსხვერპლი, როდესაც ისინი აიძულეს დამატებით შეეწირათ 10 000 ლარი. მთლიანობაში კ.ა.-ს და კუდის თანამშრომლების მიერ განხორციელებული ზეწოლის და იძულების პირობებში კომპანიას გამოსძალეს 110 000 ლარი.
2008 წლის აგვისტოში, კ.ა.-ს და კუდის ოპერატიული თანამშრომლის უკანონო მოთხოვნის და ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად, ქ.ქუთაისში მცხოვრებმა ბიზნესმენმა დ.კ.-მ სამართალდამცავებისგან მოსალოდნელი პრობლემებისგან თავის არიდების მიზნით, კუდის მაღალჩინოსნებს გადასცა მისი ოჯახის კუთვნილი ავტომობილები: „ლექსუსი“ და „მიცუბიში“. ვინაიდან კუდის ყოფილ მაღალჩინოსანს კ.ა.-ს დატოვებული აქვს საქართველოს ტერიტორია, მას დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება და სასამართლოში საქმის განხილვა მის დაუსწრებლად წარიმართა. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, კუდის მაღალჩინოსანს კ.ა.-ს საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ოთხი ეპიზოდისთვის, სასჯელების შთანთქმის და ამნისტიის აქტის გამოყენების შედეგად განესაზღვრა 2 წლისა და 3 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა, ამავე ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება. პროკურატურამ ყველა სამართლებრივ გზას მიმართა მოქალაქე ნოდარ კაკაბაძის დარღვეული უფლებების აღსადგენად, რომელსაც 2011-2012 წლებში ქონება დაათმობინეს და უკანონოდ გაასამართლეს. ნოდარ კაკაბაძეს დაფუძნებული ჰქონდა შპს „FLY ADJARA“, რომლის ძირითად საქმიანობას საერთაშორისო ტვირთების გადაზიდვა წარმოადგენდა. 2010 წლის ოქტომბერში შპს „FLY ADJARA“ უცხოელ პარტნიორებთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ორ სახელმწიფოს შორის, შესაბამისი ნებართვით საბრძოლო ვაზნების საჰაერო გადაზიდვას ახორციელებდა, რა დროსაც საწვავის ავსების მიზნით დაეშვა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. სწორედ ამ დროს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის თანამშრომლების მიერ მოხდა ხომალდის ეკიპაჟის წევრების და შპს „FLY ADJARA“ დამფუძნებლის ნოდარ კაკაბაძის დაკავება იმ მიზეზით, რომ თითქოსდა ისინი ახორციელებდნენ საბრძოლო მასალის ტრანზიტით უკანონო გადაზიდვას. პატიმრობაში მყოფ ნოდარ კაკაბაძეს, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები მისი კომპანიის საკუთრებაში არსებული ქონების დათმობას სთხოვდნენ. განხორციელებული ზეწოლის შედეგად, რამდენიმეთვიანი პატიმრობის შემდეგ ნოდარ კაკაბაძესთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება და მან დატოვა საპატიმრო. აღნიშნულის შემდეგ, თავდაცვის სამინისტროს გენერალურ შტაბს და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტზე დაქვემდებარებულმა თანამშრომლებმა მესაკუთრეთა ნების საწინააღმდეგოდ ბათუმის აეროპორტის ტერიტორიაზე მდებარე ანგარებიდან შპს „FLY ADJARA“ და მასთან დაკავშირებული კომპანიის კუთვნილი საფრენი აპარატები ამწის გამოყენებით ტრაილერებზე დატვირთეს და მათი შემდგომი გამოყენების და დაუფლების მიზნით ქ.თბილისში, 31-ე ქარხნის ტერიტორიაზე უკანონოდ გადმოიტანეს, რის შედეგადაც მესაკუთრეებს ჩამოერთვათ მათი ქონების ფლობისა და განკარგვის შესაძლებლობა. ახალი დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიებით გამოვლინდა მსჯავრდებულის გამამართლებელი სრულიად ახალი მტკიცებულებები და გარემოებები, სახელმწიფო დაწესებულებებიდან გამოთხოვნილ იქნა შესაბამისი ინფორმაცია მასთან დაკავშირებით, რომ საბრძოლო მასალის გადაზიდვა მოხდა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, ამასთან გამოძიებით გამოიკვეთა თავდაცვის სამინისტროს ცალკეული მაღალი თანამდებობის პირების უკანონო დაინტერესება ნოდარ კაკაბაძის მსჯავრდების და მისი კომპანიის ქონების ხელში ჩაგდების თაობაზე. აქედან გამომდინარე ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გამამართლებელი განაჩენი დაადგინა. რაც შეეხება უკანონო ჩამორთმეულ ქონებას, 2017 წლის ივნისში პროკურატურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე შპს ,,FLY ADJARA”-ს წარმომადგენელს ნოდარ კაკაბაძეს და შპს ,,ავიატორის“ წარმომადგენელს ჯუმბერ დიასამიძეს დაუბრუნდათ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბაზაზე განთავსებული და დასაწყობებული 2 ერთეული comp air 8 და comp air 10 ტიპის თვითმფრინავი, 3 ერთეული „EXEC162F“ ტიპის შვეულმფრენი და იმავე ტიპის 10 ერთეული შვეულმფრენის ასაწყობი კომპლექტი.