5-02-2019
ბორჯომის მაჟორიტარი დეპუტატის, გედევან ფოფხაძის განცხადებით, „ქართული ოცნებისა“ და პირადად მისი ღირებულებები ერთმანეთს სულ უფრო შორდება, განსაკუთრებით სასამართლოებთან მიმართებაში, რის გამოც მან საპარლამენტო უმრავლესობის დატოვების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება.
„ჩვენ ღირებულებებით ძალიან დავშორდით ერთმანეთს ეს რეალობაა და ფაქტობრივად ეს ასეც ფიქსირდება უმრავლესობის სხდომებზე. ვისაც გვაქვს ასეთი პრინციპული განსხვავებული პოზიცია და შეურიგებელი ვართ იმ ტენდენციების მიმართ, რაც ფიქსირდება სასამართლოებთან მიმართებაში, ალბათ გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ“-განაცხადა ფოფხაძემ.
დეპუტატის თქმითვე, თუ ის არ მიიღებდა პარტიის დატოვების შესახებ გადაწყვეტილებას, მას მაინც გარიცხავდნენ.
„ეს არის ფორმალური ნაწილი რომელიც მარტო ჩემი გადასაწყვეტი არ არის მე ამას ჩემს მეგობრებთან ერთად გადავწყვეტ. მე შეიძლება ეს ნაბიჯი არ გადავდგა, მაგრამ მაინც გამრიცხავენ. პირდაპირ გეტყვით აქ საუბარია ვინ ვის დაასწრებს. ეს არის ფორმალობა გამრიცხავენ თუ მე თვითონ წამოვალ. მე იმედი მაქვს, რომ აქ დასწრებაზე არ მიდგება საქმე. მოგვეცემა საშუალება ბოლომდე შევჯერდეთ, ბოლო-ბოლო ამდენი წელია ერთად ვიყავით ერთ გუნდში და რაღაც კოლეგიალურობა უნდა დავიცვათ. ვიმედოვნებ, რომ რომ ჭიჭინაძის მაგალითს არ გაიმეორებენ, იმიტომ, რომ მაშინ დათოსთან მიმართებაში ძალიან უღირსად მოიქცნენ “- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.