6-02-2019
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.
სამინისტროს ინფორმაციით, ქალაქ რუსთავში, მდინარე მტკვარზე, 3 მოქალაქე გასაბერი ნავიდან, ელექტროშოკური ზემოქმედების აპარატისა და ჩოგან ბადით უკანონოდ იჭერდა თევზს.
ადგილზე ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მისვლისთანავე, მოქალაქეები ავტომანქანით შეეცადნენ მიმალვას. მათზე განხორციელებული დევნის შედეგად, ავტომანქანაში აღმოაჩინეს გასაბერი ნავი, ნიჩაბი, აკუმულატორი, ჩოგან-ბადე ელ.სადენებით, ჰაერის ტუმბო და 60 კგ. სხვადასხვა სახეობის თევზი. მძღოლმა ელექტროშოკური აპარატის გადამალვის მიზნით, ავტომანქანის გაჩერების ადგილიდან გაქცევა მოახერხა.
საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაგზავნილია შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის რუსთავის საქალაქო სამმართველოში.