11-02-2019
აჭარის უმაღლეს საბჭოში ზაზა ოქუაშვილი მერაბ ბლადაძემ შეცვალა. ახალი დეპუტატის უფლებამოსილება უმაღლეს საბჭოში დღეს ცნეს. ზაზა ოქუაშვილი, რომელიც უმაღლეს საბჭოში „პატრიოტთა ალიანსის“ სიით მოხვდა, დეპუტატობაზე უარი საკუთარი განცხადების საფუძველზე განაცხადა. იგი პარტიული სიის მომდევნო ნომერმა ჩაანაცვლა.
მერაბ ბლადაძე ამბობს, რომ ძირითადად ოპოზიციასთან ითანამშრომლებს, თუმცა ასევე მხარს დაუჭერს მმართველი გუნდის სასიკეთო ინიციატივებსაც.
„ძირითადად ოპოზიციასთან ვითანამშრომლებ და ვიქნები კრიტიკული, მაგრამ როგორც იცით, ჩვენი პარტია არ არის რადიკალური, ამიტომ მხარს დავუჭერ იმ სახელისუფლებო ინიციატივებსაც, რომელსაც ჩავთვლი, რომ ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება“, -განაცხადა მერაბ ბლადაძემ.
აჭარის უმაღლეს საბჭოში 21 დეპუტატია, მათგან 14 „ქართულ ოცნებას“, 5 „ნაციონალურ მოძრაობას“, ერთი „პატრიოტთა ალიანსს“ და ერთი ნინო ბურჯანაძის პარტიას წარმოადგენს.