11-02-2019
აგრარულ საკითხთა კომიტეტმა 2019 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. კომიტეტის სხდომაზე საკითხი ოთარ დანელიამ წარადგინა. კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, გეგმა ითვალისწინებს როგორც ახალ საკანონმდებლო ინიციატივებს, ასევე საზედამხედველო საქმიანობას, თემატურ საკითხებს, რომლებიც პარლამენტის ახალი რეგლამენტით არის გათვალისწინებული.
კანონმდებლებმა სხდომაზე ასევე განიხილეს საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი - „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულების (საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების/გადამუშავების/რეალიზაციის ჯაჭვი)“ გათავისუფლების შესახებ შეთანხმება“. საკითხი განსახილველად ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა.
საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსურ ხელშეკრულებას 2016 წელს მოეწერა ხელი. პროექტით განსახორციელებელი ღონისძიებების დაფინანსების მიზნით, ევროპის საინვესტიციო ბანკმა საქართველოს სესხის სახით 100 მილიონი ევრო გამოუყო. გიორგი კაკაურიძის განცხადებით, მიუხედავად სოფლის მეურნეობის სამინისტროს ძალისხმევისა, კომერციულმა ბანკებმა სავალუტო რისკის ვალდებულება ვერ აიღეს, შედეგად ფერმერებისთვის სესხი ევროში 8-9%-იანი გამოდიოდა, რაც არამიზანშეწონილი იყო და მთავრობამ გადაწყვიტა სესხი გაეუქმებინა.
მომხსენებლის ინფორმაციით, ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით ევროპის საინვესტიციო ბანკთან მოლაპარაკებები შედგა და ახლა არის მცდელობა, რომ აღნიშნული თანხის ფარგლებში ახალი მოლაპარაკებები გაიმართოს სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის დასაფინანსებლად. თანხა ძირითადად წყალსაცავებს მოხმარდება.
„ფაქტია, რომ სოფლის მეურნეობა არ არის ის დარგი, რომელსაც ევროში 8-9% -იანი სესხით განვითარება და თვითუზრუნველყოფა შეუძლია. სამწუხაროა, მე ვფიქრობ საკმაოდ მაღალია პროცენტები, რომლებიც მინიმალური უნდა იყოს და ცოტა არ იყოს მეტი სოლიდარული პასუხისმგებლობის შეგრძნებები უნდა გვქონდეს. ზოგადად, წარმოების ჯაჭვის განვითარებისთვის ჩვენ გვჭირდება დახმარება“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ და იმედი გამოთქვა, რომ სიტუაციიდან გამოსავალი მოიძებნება.
არსებული ინფორმაციით, 2018 წელს ევროპის საინვესტიციო ბანკსა და საქართველოს შორის ხელი მოეწერა გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას, რომლითაც უქმდება ზემოაღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში გამოყოფილი სესხი, ამავე დროს, გათავისუფლების შესახებ შეთანხმება პარლამენტის მიერ რატიფიცირებას საჭიროებს. ამის გათვალისწინებით, კომიტეტმა საკითხის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად გატანას მხარი დაუჭირა.