15-02-2019
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ ქუთაისში ტექსტილის საწარმო „MGM TEX“ დაათვალიერა.
ქობულია საწარმოს სახელმწიფო რწმუნებულთან იმერეთის რეგიონში, შავლეგო ტაბატაძესთან და ქუთაისის მერ, გიორგი ჭიღვარიასთან ერთად ეწვია. სტუმრები წარმოების პროცესს ადგილზე გაეცნენ და საწარმოს ხელმძღვანელობას შეხვდნენ.
შპს „ემჯიემტექს“ 2018 წლის აპრილის დასაწყისში ამოქმედდა და წლიურად 6 000 000 ლარის ტანსაცმელს აწარმოებს. ინვესტიციის ჯამური მოცულობა 3 მლნ ლარს შეადგენს. საწარმო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარია. საწარმოში ამჟამად 300-მდე ადამიანია დასაქმებული და პროდუქციას აწარმოებს ისეთი ცნობილი ბრენდის ტანსაცმელს, როგორიცაა M&S, UMBRO, Comma და სხვა.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ, კომპანია ბრენდ „H&M”-ის ოფიციალური მიმწოდებელი გახდა, რაც ნიშნავს, რომ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, “H&M“-ის მაღაზიებში პროდუქცია იარლიყით “MADE IN GEORGIA” (დამზადებულია საქართველოში) გაიყიდება.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საწარმოს დათვალიერების შემდეგ აღნიშნა, ქვეყანას ამ ტიპის, ექსპორტზე ორიენტირებული მეტი ბიზნესი სჭირდება.
„ესაა ტექსტილის საწარმო, რომელიც პრაქტიკულად, მთლიანად მუშაობს ექსპორტზე. დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვარ საწარმოს ხელმძღვანელობისა და აქ დასაქმებულების მიერ გაწეული სამუშაოთი, იმით, თუ როგორ ააწყვეს ბიზნესი, მოძებნეს ეს ბიზნესმოდელი, ასევე კონტაქტები ევროპაში. რა თქმა უნდა, პროგრამამ „აწარმოე საქართველოში“ საწარმოს განვითარების პროცესში ძალიან დიდი როლი ითამაშა. ჩვენ გვინდა ასეთი, ექსპორტზე ორიენტირებული მეტი ბიზნესი“ - განაცხადა გიორგი ქობულიამ.
მინისტრის თქმით, ამ საწარმოს მაგალითზე ჩანს, რომ საქართველო კონკურენტუნარიანია სხვა ქვეყნებთან შედარებით.
„ასეთი ტიპის ძალიან ბევრი საწარმო ევროპიდან, მათ შორის აღმოსავლეთ ევროპიდან გადმოდის ჩვენს რეგიონში და, რა თქმა უნდა, მზად უნდა ვიყოთ, ყველაფერი ვიღონოთ, რომ საქართველოში რაც შეიძლება მეტი ასეთი საწარმო გაიხსნას“ - აღნიშნა გიორგი ქობულიამ.
ეკონომიკის მინისტრის აზრით, ტექსტილის გარდა ეკონომიკაში გვაქვს სხვა ანალოგიური სეგმენტები, მაგალითად, ტყავის ტანსაცმლის და ფეხსაცმლის წარმოება, რომელთაც ასევე დიდი პოტენციალი აქვთ.