27-02-2019
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის, ჯონდო მდივნიშვილის ინფორმაციით, 2019 წელს ბიუჯეტიდან საჯარო სკოლებში შექმნილი ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებაზე და მოსწავლეთა ტრანსპორტირებაზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 მილიონ ლარამდე თანხა დაიხარჯება.
მისივე თქმით, სკოლების ინფრასრუქტურული პრობლემის მოსაგვარებლად 720 000 ლარი, ხოლო წლის განმავლობაში მოსწავლეთა ტრანსპორტირებაზე ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.
,,გასულ წელს ცენტრალური ხელისუფლებიდან მოხდა თვითმმართველობაზე სკოლებში მოსწავლეების ტრანსპორტირების და ინფრასტრუქტურული საკითხების დელეგირება, ამიტომ მათ მოსაგვარებლად ჩვენ ვიზრუნებთ. 2019 წლის ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურის კუთხით 720 000 ლარია გამოყოფილი. პრიორიტეტია სკოლებში სველი წერტილების მოწესრიგება, მათი სტანდარტებში მოყვანა, სასწავლო დაწესებულებების შენობის სახურავების შეკეთება და გათბობის პრობლემების მოგვარება. ეს თანხა გადანაწილდება საჭიროების მოხედვით. შევხვდებით სკოლების ადმინისტრაციას და მოვისმენთ ინფორმაციას მათ პრობლემებზე, საჭიროებებზე და დავიწყებთ მის მოგვარებას. ნახევარ მილიონ ლარზე მეტი კი დაიხარჯება სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტირებისთვის”,- განაცხადა ჯონდო მდივნიშვილმა.