10-03-2019
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საცხოვრებელი სახლების გაქურდვის და ძარცვის ფაქტებზე, 1983 წელს დაბადებული ი.რ. და 1992 წელს დაბადებული დ.ტ. დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ი.რ.-მ მიმდინარე წლის 2 მარტს ქობულეთში მოქალაქის კუთვნილი საცხოვრებელი სახლი გაძარცვა, საიდანაც ტექნიკა და სხვადასხვა სახის ნივთი გაიტაცა.
სამართალდამცველებმა ი.რ. მომხდარიდან მეორე დღეს მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. ნაძარცვი ნივთების ნაწილი ამოღებულია ნივთმტკიცების სახით. დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ასევე ქობულეთის რაიონში 2 საცხოვრებელი სახლის გაქურდვის ფაქტზე პოლიციამ 1992 წელს დაბადებული დ.ტ. დააკავა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის თებერვალში ქობულეთის რაიონის სოფელ ლეღვაში მდებარე 2 საცხოვრებელი სახლიდან საყოფაცხოვრებო ტექნიკა მოიპარა. სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
გამოძიება ძარცვის და ქურდობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.