11-03-2019
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით მიმდინარე წელს 50 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება. ამის შესახებ ენგურის ადმინისტრაციულ ერთეულში (ე.წ. კომბინატის დასახლება) მოქალაქეებთან გამართულ შეხვედრაზე სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ განაცხადა.
სახელმწიფო რწმუნებული, ზუგდიდის მერის პირველ მოადგილესთან გიორგი შენგელიასთან ერთად იმ კორპუსების ეზოებში, იმყოფებოდა სადაც წელს სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება. ენგურის დასახლებაში, ექვსი ეზოს კეთილმოწყობისთვის მერიას ტენდერი გამოცხადებული აქვს, რისთვისაც 900 ათას ლარამდე იხარჯება. ამავე დასახლებაში მოეწყობა ახალი საბავშვო-გასართობი მოედანი.
„ეს დასახლება ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო და სამწუხაროდ ნაკლები ყურადღება ექცეოდა. მე აქამდე არ მოვსულვარ ენგურის დასახლებაში თქვენთან შესახვედრად, რადგან მინდოდა მოვსულიყავი კონკრეტული საქმით და არა ხელცარიელი. შიდა ეზოების და საბავშვო მოედნების კეთილმოწყობის გარდა, წელს გადაიჭრება თამარ მეფის გამზირის რეაბილიტაციის პრობლემა. ზუგდიდში წელს მთავრობის დადგენილებით 10 ქუჩის სრული რეაბილიტაცია მოხდება, მათ შორისაა თამარ მეფის გამზირი“ - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.
თამარ მეფის გამზირის გარდა ენგურის დასახლებაში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება ხელაიას და ჯანაშიას ქუჩებს. გზის საფარის დაგებასთან ერთად მოხდება სანიაღვრეების და ტროტუარების მოწესრიგება. ჯამში ქალაქის ქუჩების რეაბილიტაციისთვის მიმდინარე წელს 29 მილიონ ლარამდე დაიხარჯება. გარდა ამისა სოფლებში დაგეგმილია 16 გზის რეაბილიტაცია.
აღნიშნულ პროექტებზე გიორგი შენგელიამ ადგილობრივებს დეტალური ინფორმაცია მიწოდა, მათ შორის წყალმომარაგების პროექტზე, რომელიც ზუგდიდის 24-საათიან წყალმომარაგებას გულისხმობს და მიმდინარე წელს დასრულდება.
შეხვედრაზე, სახელმწიფო რწმუნებულმა და მერის პირველმა მოადგილემ სხვადასხვა საჭიროებებთან დაკავშირებით მოსახლეობის ინიციატივები მოისმინეს და მათ კითხვებს უპასუხეს.