12-03-2019
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში, სასამართლოს თავმჯდომარეებისა და კოლეგიების (პალატის) თავმჯდომარეების მიერ მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში მონაწილეობის საკითხზე მოკვლევის შედეგებს აქვეყნებს, რომელიც 2015-2018 წლის პირველ ნახევარში არსებულ მდგომარეობას შეეხება.
„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საერთო სასამართლოების სისტემიდან მიღებული ინფორმაცია გააანალიზეს.. ინფორმაციის ანალიზი ეხებოდა სასამართლოს თავმჯდომარეების, სასამართლოს პალატებისა და კოლეგიის თავმჯდომარეების მიერ განხილულ საქმეების ოდენობას, რეგისტრირებული საქმეების სტატისტიკას, თავმჯდომარეების ვინაობებსა და ინსტანციურად დასაქმებული მოსამართლეების რიცხოვნებას. შესწავლაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს, თბილისის სააპელაციო სასამართლოსა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსთან ერთად, მონაწილეობა 23-მა საქალაქო (რაიონული) სასამართლომ მიიღო, შესწავლილი მონაცემი კი, 2015 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 1 მარტის მდგომარეობით არსებულ ვითარებას შეეხება.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ საქართველოს უზენაესმა სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2015-2018/01 მდგომარეობით, განიხილა - 4627 საქმე, ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ - 3262, ხოლო სისხლის სამართლის პალატამ - 3246. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ განიხილა - 22,101 საქმე, ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ - 11,828, ხოლო სისხლის სამართლის პალატამ - 7813. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ - 4086, ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ - 3359, ხოლო სისხლის სამართლის პალატამ - 4295.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოდან და სააპელაციო ინსტანციებიდან, თავმჯდომარეების მიერ განხილული საქმეების შესახებ სრულფასოვანი ინფორმაცია წარმოდგენილი არ იქნა, თუმცა არსებული მონაცემებით დგინდება, რომ საკასაციო სასამართლოს თავმჯდომარემ 2015-2018/01 მდგომარეობით, განიხილა - 26 საქმე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარემ - 95 საქმე (მიხეილ ჩინჩალაძის მიერ განხილულ იქნა 10 საქმე, ვალერი ცერცვაძის მიერ - 85), ხოლო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ - 948 (მალხაზ გურულის მიერ - 289, დიმიტრი გვრიტიშვილის მიერ - 659). ინფორმაცია არ იქნა მოწოდებული თბილისის საქალაქო სასამართლოს, ახალქალაქის რაიონული სასამართლოსა და საჩხერის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის მიერ განხილული საქმეების თაობაზე.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ შესწავლით, ყველაზე მეტი საქმე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ, ხოლო ყველაზე ნაკლები საქმე - ცაგერის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარემ განიხილეს, თუმცა აღნიშნული შეფასება განსჯადი სასამართლოს ტეროტორიაზე წარმოებული დავების გათვალისწინებით უნდა შეჯამდეს. მონიტორინგის შედეგებით, ასე გამოიყურება საქმეთა განხილვის თანმიმდევრობით სასამართლო ინსტანციები:
1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე - 6395;
2. მცხეთის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე - 2224;
3. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე - 2185;
4. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე - 1639
5. გურჯაანის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე - 1559;
6. ფოთის საქალაქო სასამართლო თავმჯდომარე - 1537;
7. თელავის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე - 1256;
8. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე - 1216;
9. ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე - 1017;
10. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე - 993;
11. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე - 824;
12. ახალციხის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე - 762;
13. სენაკის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე - 644;
14. ხაშურის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე - 618;
15. ამბროლაურის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე - 506;
16. სიღნაღის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე - 457;
17. ბოლნისის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე - 446;
18. სამტრედიის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე - 382;
19. რუსთავის საქალაქო სასამართლო თავმჯდომარე - 338;
20. ცაგერის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე - 276.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, მნიშვნელოვანია სასამართლოებმა გააუმჯობესონ სტატისტიკური მონაცემის დამუშავების სისტემა და სრულყოფილი მონაცემი არსებობდეს, როგორც სასამართლოს თავმჯდომარეების, აგრეთვე პალატისა და კოლეგიის თავმჯდომარეების მიერ განხილული საქმეების თაობაზე. მონიტორინგმა აჩვენა, რომ სასამართლო სისტემაში, საგამონაკლისო შემთხვევების გარდა, სამართალწარმოებას სასამართლოს თავმჯდომარეებიც ახორციელებენ, რაც დადებითად უნდა შეფასდეს და უაღრესად მნიშვნელოვანია მათი ადმინისტრაციული თანამდებობის უფლებამოსილების განხორციელებასთან ერთად. ორგანიზაცია, საკითხზე მუშაობას აგრძელებს და სრულფასოვან ინფორმაციას 2018-2019 წლების პერიოდზეც გამოაქვეყნებს.