14-03-2019
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოში წარმოებული ზეთისხილის ზეთი ექსპორტზე რამდენიმე ქვეყანაში გავა. კომპანიაში განმარტავენ, რომ ამ ეტაპზე პროდუქციის დუბაისა და ჩინეთში გატანასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოლაპარაკებები და სულ მალე ქართული პროდუქცია საზღვარგარეთ გაიყიდება.
მათივე ინფორმაციით, პროდუქციის საზღვარგარეთ გატანის სურვილი ბევრმა ქვეყანამ გამოთქვა, თუმცა პროდუქციის სიმცირის გამო მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებას ვერ ახერხებენ.
პროდუქცია ბაზარზე, „ქართული ზეთისხილის” ბრენდით გაიყიდება.
„ახლაც მიმდინარეობს მოლაპარეკებები და ვაპირებთ დუბაიში, ბელორუსიასა და ჩინეთში პროდუქციის ექსპორტს. თუმცა დრო უნდა საკითხის მოგვარებას. ძალიან ბევრი ქვეყანა გამოთქვამს სურვილს, რომ ჩვენი პროდუქცია გაიტანონ: ესენია ჰოლანდია, რუსეთი, ჰოლანდია, უკრაინა და სხვა. ამ ეტაპზე პროდუქციის სიმცირის გამო ვერ ვახერხებთ ექსპორტზე ამ ჩამოთვლილ ქვეყნებში გატანას, თუმცა უახლოეს მომავალში იგეგმება ჩინეთში და ბელორუსიაში გატანა. იმედი გვაქვს, რომ წელს მეტ მოსავალს მივიღებთ და ეს შესაძლებებლი იქნება“,- განუცხადა agromedia.ge-ს ნელი გეთიაშვილმა.
„ქართული ზეთისხილის“ ზეთი 250 გრამიან, 500 გრამიან და 750 გრამიან მინის ქილებში იყიდება. ზეთისხილის მარინადი კი – 250, 500 და 750 გრამიან მინის ქილებშია წარმოდგენილი. ქართული ზეთისხილის ზეთის ფასი ნახევარლიტრიან ქილაში 13 ლარიდან – 16 ლარამდე მერყეობს. ხოლო 250 გრამიანი ქილის ფასი 7 ლარიდან – 9 ლარამდეა.’’
ნელი გეთიაშვილი განმარტავს, რომ მათ მიერ წარმოებული პროდუქცია ხარისხიანია, რადგან ისინი ცივი გამოხდის წესით პროდუქტს სასარგებლო მინერალებს უნაჩუნებენ. მისივე თქმით, მოსავლის მიღების სეზონი ნეომბერ-დეკემბერია, სეზონურად კი წარმოებაში 100-მდე ადამიანია დასაქმებული.