გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

გალში დაღუპული ირაკლი კვარაცხელიას ცხედრის ექსპერტიზის შედეგებს საერთაშორისო ორგანიზაციებს გააცნობენ

14-03-2019

ირაკლი კვარაცხელიას ცხედრის ექსპერტიზის ოფიციალური დასკვნის მიღებისთანავე მაქსიმალურად ავამოქმედებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა საერთაშორისო ბერკეტს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.


მისი თქმით, საგარეო უწყებას მყისიერად ჰქონდა კომუნიკაცია ევროკავშირისა და გაერო-ს სპეციალურ წარმომადგენლებთან, ჟენევის ყველა თანათავმჯდომარესთან. დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ საელჩოებს მიეცათ ინსტრუქცია, რომ გალში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას შესახებ დაუყოვნებლივ აცნობონ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს.


"ყველა ჩვენი საელჩო არის ინფორმირებული და მათ მიეცათ ინსტრუქცია რომ დაუყოვნებლივ აცნობონ ამ ფაქტის შესახებ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. მე მუდმივ კონტაქტში ვიმყოფები თბილისში აკრედიტირებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან, მექნება შეხვედრა, სადაც ყველა დეტალებს განვიხილავთ, ასევე ხვალ ველოდებით, რომ ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი, რომელიც დაბრუნდება სოხუმიდან, მასთან უკვე ჩანიშნული მაქვს შეხვედრა, და ბუნებრივია, მისგან მოვისმენ, თუ რა ინფორმაცია გააჩნია მას. "- აღნიშნა მინისტრმა.


დავით ზალკალიანის თქმით, აუცილებელია გალში ინციდენტების პრევენციის მექანიზმი ამოქმედდეს, სადაც ამ ფაქტზე იქნება საუბარი.


"ეს აღმაშფოთებელი შემთხვევაა და კიდევ ერთხელ ამყარებს იმ აზრს, რომ აუცილებელია ოკუპირებულ ტერიტორიებზე, უკონტროლო ტერიტორიებზე საერთაშორისო თანამეგობრობის წვდომა. ეს არის ის, რასაც ჩვენ მუდმივად ვითხოვთ საერთაშორისო თანამეგობრობისგან. ჩვენ ძალიან ინტენსიურად ვმუშაობთ საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების დაფუძნებაზე, ყველა საერთაშორისო აქტორთან, ასევე აუცილებელია, ავამოქმედოთ ინციდენტების პრევენციის მექანიზმი გალში, რომელიც უნდა იყოს ერთ-ერთი მთავარი ფორმატი, სადაც ამ აღმაშფოთებელ ფაქტზე იქნება საუბარი."-განაცხადა ზალკალიანმა.


ცნობისთვის, ამჟამად ექსპერტები ადგენენ, კვარაცხელიაზე ძალადობა მის სიცოცხლეშივე მოხდა თუ გარდაცვალების შემდეგ.

ცენტრ "ემპათიას" ხელმძღვანელის, მარიამ ჯიშკარიანის თქმით, ჩატარდა გარეგნული დათვალიერება. ასევე, აიღეს ქსოვილოვანი მასალა. ცხედარს ყელის მიდამოში აღენიშნება ქსოვილოვანი ღარი, სისხლნაჟღენთები და მცირე ზომის დაზიანებები.


ცენტრის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება, რადგან გარდაცვალების ფაქტი მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მყოფი პატიმრის მიმართ დადგა.

ირაკლი კვარაცხელიას ცხედარი ოკუპანტებმა ქართულ მხარეს 13 მარტს, საღამოს გამოსცეს. ის ექსპერტიზის შემდეგ სენაკში გადაასვენეს.