გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

აფხაზეთი: რამდენად კანონიერად შეიწყალეს გიორგი ლუკავა?

18-03-2019

აფხაზეთის საკონსტიტუციო სასამართლომ უარი განაცხადა, განეხილა პარლამენტის მოთხოვნა გიორგი ლუკავას შეწყალების კანონიერებასთან დაკავშირებით.


ვინ არის გიორგი ლუკავა


2013 წელს, აფხაზეთში, გიორგი ლუკავას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მას ბრალი მძიმე დანაშაულებში დასდეს, რომელიც პარტიზანული ჯგუფის, „ტყის ძმების“ მოქმედების პერიოდს უკავშირდებოდა – აფხაზეთის ომის დასრულებიდან, 1990-იანებიდან 2000-იან წლებამდე, როდესაც საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა და „ტყის ძმებმა“ არსებობა შეწყვიტეს.


გიორგი ლუკავასთვის წარდგენილ ბრალდებათა ჩამონათვალში, სხვა საკითხებთან ერთად, შედიოდა: უკანონო შეიარაღებული ჯგუფის ხელმძღვანელობა; ადამიანებსა და ორგანიზაციებზე თავდასხმა; ადამიანების მოტაცება; სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, 7 აფხაზი სამხედრო მოსამსახურის წინასწარგანზრახული, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობა.


შეწყალება, როგორც კრიზისის მიზეზი


2017 წლის დეკემბერში, აფხაზეთის პრეზიდენტის ბრძანებით, გიორგი ლუკავა შემდგომი სასჯელისგან გაათავისუფლეს და ტყვეთა გაცვლის შეთანხმების ფარგლებში, საქართველოს გადასცეს.


ეს სერიოზული პოლიტიკური კრიზისის მიზეზი გახდა – სოხუმში, მთავრობის სახლის წინ დაწყებულმა საპროტესტო მიტინგმა, პარლამენტი აიძულა, რიგგარეშე შეკრებილიყო, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი საახალწლო დღესასწაულის პერიოდში ხდებოდა. სხდომის შედეგად სპეციალური საპარლამენტო კომისია შეიქმნა, რომელმაც გიორგი ლუკავას შეწყალების საქმეში, პრეზიდენტ ხაჯიმბას მოქმედების კანონიერება შეისწავლა.


აფხაზეთის პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა პარლამენტში სიტყვით გამოვიდა და გიორგი ლუკავას შეწყალება შემდეგნაირად ახსნა:


2015 წელს, მან წერილი მიიღო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტისგან, რომელიც დახმარებას სთხოვდა პატიმრების ძალიან რთულ გაცვლაში: რამდენიმე ქართველი, რომლებიც სასჯელს აფხაზეთში იხდიდნენ, უნდა გაეცვალათ სამხრეთ ოსეთის რამდენიმე მოქალაქეში, რომლებიც ქართულ ციხეში ისხდნენ.
„ჩვენ მაშინ გადავწყვიტეთ, რომ დავხმარებოდით და ეს გადაწყვეტილება მიიღებოდა ღიად, ის არავის დაუფარავს“, – განაცხადა რაულ ხაჯიმბამ.


კომისია მივიდა დასკვნამდე, რომ ეს დავა საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა გადაეწყვიტა. მიზეზი ორი იყო. დეპუტატები თავიანთ მოთხოვნაში უთითებდნენ, რომ ლუკავამ პრეზიდენტს თხოვნით მიმართა, არ გადაეცათ ის საქართველოსთვის. ამას გარდა, მას სასჯელის ნახევარი მაინც უნდა მოეხადა საპატიმროში, რათა შეწყალების უფლება ჰქონოდა და ეს დრო 2022 წლის 11 მაისს იწურებოდა.


საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთსულოვანი გადაწყვეტილება


საკონსტიტუციო სასამართლომ პარლამენტის მოთხოვნის განხილვაზე უარი თქვა. მიზეზი – სასამართლოს აზრით, არსებითად, პარლამენტი ითხოვდა განესაზღვრათ, შეესაბამებოდა თუ არა პრეზიდენტის ბრძანება „შეწყალებაზე“, საკანონმდებლო აქტს – „დებულებები აფხაზეთის პრეზიდენტთან არსებული შეწყალების კომისიის შესახებ“. ეს აფხაზეთის კანონმდებლობის მოთხოვნებს არ პასუხობდა.


საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ პრეზიდენტის ბრძანება კონსტიტუციასთან შესაბამისობაშია და სახელმწიფოს მეთაური საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებდა. პრეზიდენტთან არსებულ შეწყალების კომისიას კი მკაცრად განსაზღვრული საკონსულტაციო უფლებამოსილებები აქვს.


გადაწყვეტილების მიმღები სამი მოსამართლიდან ერთს – დიანა ფილიას – განსაკუთრებული მოსაზრება აღმოაჩნდა. ის მიიჩნევს, რომ სწორედ ნორმების მთელი კომპლექსის, მათ შორის, „დებულებების აფხაზეთის პრეზიდენტთან არსებული შეწყალების კომისიის შესახებ“, დაცვა ხდის უდავოს პრეზიდენტის უფლებას შეწყალებაზე. ლუკავას საქმე კომისიას არ განუხილავს.


სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად.


jam-news.net