19-03-2019
საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანიის მესამე ფაზის ფარგლებში რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრები განახლდება.
საგარეო უწყების ინფორმაციით, 2019 წლის 19-21 მარტს შეხვედრები აჭარისა და იმერეთის რეგიონებში, კერძოდ ბათუმში, ქობულეთში, ქუთაისსა და სამტრედიაში გაიმართება.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ადგილობრივი თვითმმართველობებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს, სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და მედიის წარმომადგენლებს შეხვდებიან.
შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებენ: ავსტრიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში არად ბენკო, საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორი გოგა ტაბატაძე, დიპლომატიური ინსტიტუტის მკვლევარი ელჩები: მიხეილ უკლება, კონსტანტინე ჟღენტი და გიორგი ყარალაშვილი.
მომხსენებლები საქართველოს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ გააცნობენ ევროკავშირის/შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის წესებს და ასევე, ისაუბრებენ იმ რისკებზე, რაც დაკავშირებულია, როგორც ამ წესების დარღვევასთან, ისე ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მიღების პროცედურების არამართლზომიერად გამოყენებასთან.
საინფორმაციო კამპანიის მესამე ფაზა 2018 წლის მარტიდან დაიწყო და გასულ წელს, კამპანიის ფარგლებში, სხვადასხვა რეგიონში, 160 შეხვედრა გაიმართა.