29-03-2019
დღეს, 28 მარტს, ასპინძის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანიის მესამე ფაზის ფარგლებში მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ადგილობრივი თვითთმართველობებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს, სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და მედიას შეხვდნენ.
შეხვედრაზე დიპლომატიური ინსტიტუტის მკვლევარმა, ნიკოლოზ რთველიაშვილმა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის ანალიზისა და დაგეგმარების სამმართველოს უფროსმა, ბექა ზარანდიამ ისაუბრეს.
დამსწრე საზოგადოებას გააცნეს ევროკავშირის/შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის წესები და ასევე ისაუბრეს იმ რისკებზე, რაც დაკავშირებულია როგორც ამ წესების დარღვევასთან, ასევე ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მიღების პროცედურების არამართლზომიერად გამოყენებასთან.
შეხვედრება კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა.
შეხვედრას მოსახლეობასთან ერთად ესწრებოდნენ ასპინძის მუნიციპალიტეტის მერი, როსტომ მაგრაქველიძე, საკრებულოს თავმჯდომარე, მამუკა მელიქიძე და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები.
საინფორმაციო კამპანიის მესამე ფაზა 2018 წლის მარტიდან დაიწყო და გასულ წელს კამპანიის ფარგლებში სხვადასხვა რეგიონში სულ 160 შეხვედრა გაიმართა.