29-03-2019
კასპში ტექნოპარკის მშენებლობა იწყება, - პროექტს, რომლის ღირებულება 2,2 მილიონი ლარია, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე გაეცნო.
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ინოვაციების განვითარების ხელშეწყობის აუცილებლობას და მსგავსი პროექტების ქვეყნის მასშტაბით განხორციელების მნიშვნელობას.
ტექნოპარკის მშენებლობა, რომელსაც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს, წლის ბოლოს დასრულდება. პროექტის ფარგლებში აშენდება ორსართულიანი ნაგებობა, სადაც განთავსდება სამუშაო და სასწავლო ოთახები, ე. წ. ფაბ-ლაბი, საკონფერენციო და დამხმარე სათავსოები, სამუშაო სივრცე. ასევე იგეგმება ღია ტერასის მოწყობა სხვადასხვა აქტივობისთვის. პროექტში გათვალისწინებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებები.
მთავრობის მეთაურმა კასპის პროფესიული სასწავლებლის სამშენებლო სამუშაოებიც დაათვალიერა.
200 სტუდენტზე გათვლილი პროფესიული სასწავლებლის მშენებლობა კასპში წლის ბოლოს დასრულდება. პროექტის ღირებულება დაახლოებით 3,9 მილიონი ლარია.
სასწავლებელთან ერთად, მოეწყობა სპორტული ინფრასტრუქტურა და ეზო, დაირგვება ნარგავები. თანამედროვე სტანდარტების პროფესიულ კოლეჯში რეგიონისთვის პრიორიტეტული სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული დარგების - მექანიზაციის, მებაღეობა-მეხილეობის სპეციალისტები და ვეტერინარები მომზადდებიან. სასწავლებლის სტუდენტებს ასევე ექნებათ შესაძლებლობა, შეისწავლონ ელექტროშედუღება, მაღალი ძაბვის ელექტროობა, ელექტროსამონტაჟო სამუშაოები, ამწის ოპერატორ-მემანქანეობა და ა.შ.