4-04-2019
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ქრთამის მიცემის ფაქტზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე კულტურული ღონისძიებების ერთ-ერთი ორგანიზატორი ბექა ხ. დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბექა ხ. სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსს დაუკავშირდა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ხარჯებით 2019 წლის 15 აპრილს კონცერტის გამართვა შესთავაზა. თანხმობის მიღების სანაცვლოდ, ბექა ხ. საჯარო მოხელეს ქრთამის სახით 2500 ლარის გადახდას დაჰპირდა და გზავნილის სახით გადაურიცხა, რის შემდეგაც იგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა სასამართლოს განჩინების საფუძველზე ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება ქრთამის მიცემის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.