5-04-2019
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დღეს გურიის რეგიონს ეწვევა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაური 12:00 საათზე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა სურების ახლად აშენებულ საჯარო სკოლას დაათვალიერებს, ასევე ესტუმრება ნასაკირალის სკოლას, სადაც ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდება.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტიდან მამუკა ბახტაძე ოზურგეთში გადაინაცვლებს. 14:30 საათზე პრემიერი ოზურგეთში ალექსანდრე წუწუნავას სახელობის დრამატული თეატრის რეკონსტრუქციის პროცესს გაეცნობა, რომელსაც ფონდი „ქართუ“ ახორციელებს. პროექტის ღირებულება 18 მილიონ ლარს შეადგენს და მისი დასრულება 2019 წლის ნოემბერში იგეგმება.
მთავრობის მეთაური ასევე დაათვალიერებს პროფესიულ კოლეჯ „ჰორიზონტს“, სადაც 15:00 საათზე გურიაში ტურიზმის განვითარების სტრატეგიის პრეზენტაცია გაიმართება. დოკუმენტი ევროკავშირის საგრანტო კონკურსის გამარჯვებული პროექტის – „მონაწილეობითი პრინციპები გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისთვის“ ფარგლებში შემუშავდა, რომელიც ევროკავშირმა 374 000 ევროს ოდენობის გრანტით დააფინანსა.