11-04-2019
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ოთხი საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა. ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს მიერ თანამედროვე სტანდარტებით განახლდა და აღიჭურვა ლაგოდეხის პირველი და სოფლების განჯალის, ვარდისუბნისა და აფენის საჯარო სკოლები.
შესრულებული სამუშაოები განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ნათია ზედგინიძემ, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა, პარლამენტის წევრთან, გურამ მაჭარაშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს და პედაგოგებს შეხვდნენ. სტუმრებმა სოფელ ჰერეთისკარში ავარიული სკოლაც მოინახულეს და აქვე მოსახლეობას გააცნეს მთავრობის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, მიმდინარე წელს სოფელ კაბალსა და ჰერეთისკარში ორი ახალი სკოლა აშენდება და ორ საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, გაზრდილი და გასამმაგებული ბიუჯეტის ფარგლებში, გაჩნდა შესაძლებლობა, 2021-22 წლებში უფრო მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდეს: „განათლება ერთის მხრივ, გულისხმობს ძლიერ და კომპეტენტურ პედაგოგებს და მეორეს მხრივ, ინფრასტრუქტურულ გარემოს, სივრცეს, სადაც ხარისხიანი საგანმანათლებლო პროცესი უნდა წარიმართოს. ამ მიზნებზე მუშაობა დაწყებულია და მუნიციპალიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობით, ვცდილობთ მაქსიმალურად მოკლე დროში მივიღოთ შედეგები” - ნათია ზედგინიძე.
ამავე დღეს საზეიმო ვითარებაში ოქროსა და ვერცხლის მედლები გადაეცათ მუნიციპალიტეტის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს.