12-04-2019
ზუგდიდის რაიონული სასამართლოში წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დაკავებული „ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტის მანუჩარ ჩხეტიას საქმე განიხილება.
ჩხეტია თავს დამნაშავედ არ ცნობს და ამბობს, რომ ობიექტური სასამართლოს იმედი აქვს.
„თავს დამნაშავედ არ ვგრძნობ. პოლიციისთვის წინააღმდეგობა არ გამიწევია. მეც ყოფილი პოლიციელი ვარ. სოფელ ნარაზენში მოვიდა პოლიციის უფროსი ირაკლი ფაცაცია, დაიწყო ჩვენი თანამებრძოლების დაშინება და როგორც კი დამინახა, წამომიყვანა. ეს დაკავება არის წმინდა წყლის პოლიტიკური მოტივით. სასამართლოს იმედი მაქვს, რომ ის იქნება ობიექტური”, – განაცხადა მანუჩარ ჩხეტიამ.
რაც შეეხება ასევე გუშინ დაკავებულ ანი წითლიძესა და გიორგი პატარაიას, მათ საქმეზე სასამართლო სხდომა 18 აპრილისთვის ჩაინიშნა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყებამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის დააკავა. მოგვიანებით, პოლიციამ პატარაია და წითლიძე გაათავისუფლა, ხოლო მანუჩარ ჩხეტია წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.