გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებული ზვიად გამსახურდიას თანამოაზრეებს შეხვდა

13-04-2019

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, ალექსანდრე მოწერელია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას თანამოაზრეებს შეხვდა.


მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის საკონცერტო დარბაზში გამართულ შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილე, ლაშა გვასალია უძღვებოდა.

მან აღნიშნა, რომ შეხვედრები საქართველოს ვიცე-პრემიერის, შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ალექსანდრე მოწერელიას ინიციატივით იმართება.


,,წლების შემდეგ, პირველად, მასშტაბურად და გამორჩეულად აღინიშნა ჩვენი ქვეყნის ისტორიის ორი უმნიშვნელოვანესი თარიღი - საქართველოს პირველი პრეზიდენტის დაბადებიდან 80 წლის იუბილე და ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის საყოველთაო რეფერენდუმიდან 28-ე წლისთავი.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია საკუთარ ქვეყანას ზვარაკად შეწირული ეროვნული გმირისადმი სათანადო პატივის მიგება. დღეს ვართ ერთიანნი ჩვენი რეგიონის უკეთესი მომავლისათვის ბრძოლაში" - აღნიშნა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ.


შეხვედრას, რომელიც დიალოგის რეჟიმში წარიმართა, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, სენაკის მუნიცაპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი დოკუმენტური ფილმის „გზა თავისუფლებისკენ“ რეჟისორი, ჟურნალისტი ირაკლი შონია, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


შეხვედრის მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გამორჩეული ლიდერების- მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიას, უზენაესი საბჭოს დეპუტატის იგორ ნარმანიას, ეროვნული გვარდიის პოლკოვნიკის აკაკი ელიავას, იმ ავბედით წლებში დაღუპული მებრძოლებისა და დახვრეტილი მშვიდობიანი მოქალაქეების ხსოვნას.


მათ ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის ქარცეცხლიანი დღეები გაიხსენეს, ზვიად გამსახურდიას განუზომლად დიდ ღვაწლსა და ქვეყნისათვის თავდადებაზე ისაუბრეს.


შეხვედრაზე ასევე განიხილეს დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიასა და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის მერაბ კოსტავას ბიუსტების დადგმისა და დაღუპული თანამებრძოლების მემორიალური დაფის განთავსების საკითხები.


ზვიად გამსახურდიას თანამოაზრეებმა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან მათთვის საჭირბოროტო და აქტუალურ საკითხებზე ისაუბრეს, რომელთა მოგვარების შესაძლებლობები ალექსანდრე მოწერელიამ შეხვედრაზევე დასახა.