16-04-2019
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული ბ.კ., ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 6-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველებმა 2019 წლის 12 აპრილს მოსამართლის განჩინების საფუძველზე განახორციელეს ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა, რა დროსაც მოქალაქემ ბრალდებულისგან ნარკოტიკული საშუალება შეიძინა.
პოლიციამ ბ.კ. 16 აპრილს, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, იმ დროს დააკავა, როდესაც მან მოქალაქეს, 3500 აშშ დოლარის სანაცვლოდ, 10 შეკვრად დაფასოებული, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალება მიჰყიდა.
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი, დაკავების ადგილისა და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს ფული და სეიფში მოთავსებული ნარკოტიკული საშუალებები, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.
გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს.