8-05-2019
„აზერბაიჯან-საქართველოს საზღვრის არადელიმიტირებული მონაკვეთის ირგვლივ, რომელიც დავით გარეჯის ადრეფეოდალურ მღვიმურ-სამონასტრო კომპლექსსაც მოიცავს, სამწუხაროდ, ჯერ-ჯერობით მშვიდი არ არის. საქართველოში ზოგიერთი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაცია ცდილობს, რომ არსებული დაძაბული სიტუაციით ისარგებლოს: მაგალითად, ანტიოკუპაციური მოძრაობა „ძალა ერთობაშია“-მ გამოაცხადა, რომ 7 მაისისდან დავით გარეჯის ტერიტორიაზე პატრულირებას იწყებს: მისმა ხელმძღვანელმა დავით ქაცარავამ აღნიშნა, რომ პატრულირების მიზანია საზოგადოებას რეალური და ობიექტური ინფორმაცია მიაწოდოს“, - აღნიშნულია სტატიაში, რომელიც აზერბაიჯანის ორენოვან გაზეთ «Каспiй»-შია გამოქვეყნებული.
საინფორმაციო პორტალი region.ge გთავაზობთ რაუფ ორუჯევის ავტორობით გამოქვეყნებული მასალის ქართულენოვან რეზიუმეს:
„არ არის გამორიცხული, რომ „ძალა ერთობაშია“-ს ამგვარი გააქტიურება მოძრაობის პოპულარობის მიზნით ხდება“, - ეჭვიანად წერს ავტორი და იქვე აღნიშნავს: „კაცმა რომ თქვას, აზერბაიჯანული მხარიდანაც ზოგჯერ დაუფიქრებელი განცხადებები გაისმის ზოგიერთი პოლიტოლოგის მიერ - მაგალითად, ასეთი: „ქართველები თუ ბევრს იხმაურებენ, მაშინ გაზს გადავუკეტავთ“. ასეთი წამოძახილები, ბუნებრივია, საწყენია მათთვის, ვინც საქართველო-აზერბაიჯანის კეთილმეზობლური ურთიერთობის მომხრეა.
იბადება კითხვები: არის თუ არა მეთოდები, რომელთა მიხედვით საქართველოს და აზერბაიჯანს უმტკივნეულოდ შეუძლიათ დავით გარეჯთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარება? და რამდენად შესაძლებელია, რომ ამ დაძაბულობის უკან გარეშე ძალები დგანან, როგორც ბევრი ფიქრობს საქართველოში? გაზეთის კორესპონდენტმა ეს კითხვები ქართველ და აზერბაიჯანელ ექსპერტებს დაუსვა.
გელა ვასაძე, კავკასიის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის ანალიტიკოსი:
„არის ბევრი ვარიანტი, რომლის მიხედვითაც შეიძლება საზღვარი გატარდეს. ყველაზე იოლია 1991 წლის დეკემბრის დროინდელი ვერსია, მაგრამ პრობლემის მოგვარება სხვანაირადაც შეიძლება - ვთქვათ, შეიქმნას ისტორიულ-კულტურული ნაკრძალი, როგორც საქართველოსა და კავკასიის ალბანეთის საერთო ისტორიის სიმბოლო. დავით გარეჯი დარჩეს სასულიერო ცენტრად არა მხოლოდ ქართველებისთვის, არამედ ყველა ქრისტიანისათვის“.
რასიმ მუსაბეკოვი, აზერბაიჯანის მილი-მეჯლისის დეპუტატი:
„ბაქოში 8 მაისს საქართველოს პარლამენტის აზერბაიჯანთთან მეგობრობის ჯგუფის დელეგაცია ჩამოდის. ალბათ, საზღვრის დელიმიტაციის საკითხი ჩვენი დიალოგის მთავარი თემა იქნება. საერთოდ, მე ვთვლი, რომ აუცილებელია ამ სამონასტრო კომპლექსის არეალში ისეთი სასაზღვრო რეჟიმი იყოს, რომ მომლოცველებს პრობლემები არ შეექმნეთ. რაც შეეხება პრობლემის გადაწყვეტის გრძელვადიან პერსპექტივას, ალბათ, უნდა ვიფიქროთ ისტორიულ-კულტურული ნაკრძალის შექმნაზე, ორივე მხარის მიერ ერთმანეთთან შეთანხმებული სასაზღვრო რეჟიმით. არ გამოვრიცხავდი და არ ვუარყოფდი ტერიტორიების გაცვლის ვარიანტსაც სასაზღვრო ზოლში, რომელიც ასევეე ურთიერთშეთანხმებული იქნება. იქ არის რამდენიმე მონაკვეთი, რომლებზეც მხარეებს პრეტენზიები აქვთ. მოკლედ, პრობლემა ყოველგვარი ისტერიკისა და დაძაბულობის გარეშე, ერთმანეთის პატივისცემის საფუძველზე უნდა მოგვარდეს - ისე, როგორც აზერბაიჯან-საქართველოს მეგობრულ და სტრატეგიულ თანამშრომლობას შეეფერება“.
ილგარ ველიზადე, პოლიტოლოგი:
„ის, რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ, უფრო მეტად ემოციურობის გამოვლენას წარმოადგენს. ფაცი-ფუცი და მღელვარება აბსოლუტურად დაუშვებელია. ასეთი ხმაურით ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ სიტუაცია თითქოსდა ძალიან არის გამწვავებული. არადა, ეს ვირტუალური წარმოსახვაა და სინამდვილეს არ შეესაბამება. სანამ განცხადებები გაკეთდება, მანამ დაფიქრებაა საჭირო. არ გამოვრიცხავ, რომ გარკვეული დროის შემდეგ უცხოურ გამოცემებში გაჩნდება ანალიტიკური სტატიები, რომლებშიც დაიწყებენ მტკიცებას საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის გადაულახავი პრობლემების არსებობის თაობაზე. მოინახება ისეთი ადამიანებიც, რომლებიც „ხელის მოთბობას“ განიზრახავენ. ამიტომაც ჩვენ, ორივე მხარეს, სიფრთხილის გამოჩენა გვმართებს და მშვიდად უნდა შევეცადოთ საკითხის გადაჭრას, რომ გარეშე ძალებს რაიმე საბაბი არ მივცეთ... ალბათ, შექმნილი მდგომარეობიდან გამოსასვლელად მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს საზღვრისპირა მოსახლეობის ერთმანეთთან თანამშრომლობას. მონასტრის ტერიტორია შეიძლება მათი შეხვედრის ადგილიც იყოს. არის მსოფლიოში ბევრი პრეცედენტი, როცა მონასტრის ტერიტორია სხვა სახელმწიფოს შემადგენლობაშია, მაგრამ ფაქტიურად ამ მონასტრით მეზობელი სახელმწიფოს მოსახლეობა სარგებლობს. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ჩვენს ურთიერთობას რეგიონის გარედანაც უყურებენ - ეს იმიტომ, რომ აზერბაიჯანზე და საქართველოზე ბევრად არის დამოკიდებული კავკასიის რეგიონის საინვესტიციო კლიმატი... ღმერთმა ნუ ქნას და ჩვენს ქვეყნებს შორის კრიზისი თუ დაიწყება, საერთაშორისო ინვესტორები რომელიმე სხვა რეგიონზე გადაერთვებიან, ამიტომ ემოციები უნდა დავიცხროთ“.