4-06-2019
„დელიმიტაციის და დემარკაციის საკითხი მუდმივად დგებოდა დღის წესრიგში სხვადასხვა ფორმატში 30 წლის განმავლობაში - თვითონ თემა რომ არის რთული, ზუსტად ის ცხადყოფს ამას, რომ 30 წელი ვერ მოხერხდა ამ საქმის ბოლომდე მიყვანა“,- ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განუცხადა.
ირაკლი კობახიძე დავით გარეჯის გარშემო მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საჭიროა დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესის ხელშეწყობა და ამასთან დაკავშირებით, მეზობელ სახელმწიფოებთან დიალოგი და კონსულტაციებია საჭირო.
„რაც შეეხება, ზოგადად, დელიმიტაციის და დემარკაციის საკითხი არის აქტუალური და რომ არის გასაკეთებელი, ზოგადად, მეზობელ სახელმწიფოებთან, იცით, რომ სრულად მოწესრიგებული ამ კუთხით საზღვარი არის მხოლოდ თურქეთთან, სადაც არის სრულად განხორციელებული დელიმიტაცია და დემარკაცია. სხვა შემთხვევაში, არის პრობლემა და საჭიროა, ბუნებრივია, დელიმიტაციის და დემარკაციის პროცესის ხელშეწყობა. ეს არის, რა თქმა უნდა, საერთო ამოცანა და ამაზე გვჭირდება, უბრალოდ, დიალოგი და კონსულტაციები ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებთან, რომლებთანაც გვაქვს მეგობრული ურთიერთობები და ასეთი დისკუსიის საფუძველზე და კონსულტაციების საფუძველზე, ეს საკითხი არის გადაჭრადი. რა თქმა უნდა, არის გარკვეული მონაკვეთები, სადაც არსებობს, ასე ვთქვათ, გარკვეული პოზიციები ერთ და მეორე მხარეს და აქ არის საჭირო თითოეული ამ პოზიციის დეტალურად გავლა. თუმცა, ზოგადად, დემარკაცია-დელიმიტაცია არის მნიშვნელოვანი ნებისმიერ ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობაში და აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ ეს საკითხი ისმება პრეზიდენტის მიერ. მთავარია, რომ მეგობარ ქვეყნებთან კონსულტაციების საფუძველზე გადაწყდეს ყველა შესაბამისი საკითხი“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ირაკლი კობახიძის თქმით, დელიმიტაციასა და დემარკაციაზე საუბარი 30 წელია გრძელდება და აღნიშნული თემა რაიმე განსაკუთრებულ საკითხად ვერ იქნება განხილული.
„დელიმიტაციაზე და დემარკაციაზე საუბარია 30 წელი და მათ შორის, ამაზე საუბრობენ მაღალ დონეზე, ანუ, თავისთავად, ეს, როგორც ასეთი, რაიმე განსაკუთრებულ საკითხად ვერ იქნება განხილული. ანუ, დელიმიტაცია-დემარკაცია არის აუცილებელი ასპექტი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში. უნდა იყოს მკაფიოდ გავლებული საზღვარი. ეს არის დელიმიტაცია და დემარკაცია, რომ უნდა არსებობდეს მკაფიო საზღვარი იმისთვის, რომ მოწესრიგებული იყოს ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის. ამაზეა საუბარი და ეს საკითხი მუდმივად სხვადასხვა ფორმატში დგებოდა დღის წესრიგში 30 წლის განმავლობაში. თვითონ თემა რომ არის რთული, ზუსტად ის ცხადყოფს ამას, რომ 30 წელი ვერ მოხერხდა ამ საქმის ბოლომდე მიყვანა“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.