29-06-2019
ახალციხის ციხეზე სამდღიანი „ტრადიციული რეწვის სახელოსნოების მეორე საერთაშორისო ფესტივალი“ დაიწყო. ფესტივალში ათამდე ქვეყნის 150 ტრადიციული რეწვის ოსტატი მონაწილეობს.
„ტრადიციული რეწვა ეკონომიკის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი სფეროა, ჩვენი მიზანი ამ პოტენციალის წარმოჩენაა. ამ დღეებში ნებისმიერ დამთვალიერებელს შეუძლია ადგილზე ისწავლოს ნივთების დამზადება“, – ამბობს საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების ხელმძღვანელი, ანა შანშიაშვილი.
ფესტივალის ფარგლებში ტრადიციული რეწვის ოსტატები ღია მასტერ-კლასებს გამართავენ, გაიმართება საგანმანათლებლო პროგრამები ბავშვებისთვის და საჯარო ლექციები.
ფესტივალში მონაწილეობას იღებს 150 ტრადიციული რეწვის ოსტატი, მათ შორის 30 საერთაშორისო მონაწილე: საფრანგეთიდან, ესპანეთიდან, ლატვიიდან, თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, უზბეკეთიდან, ყაზახეთიდან და ყირგიზეთიდან.
ფესტივალი საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმისა და საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციის მიერ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, USAID პროექტის „ზრდა საქართველოში“ და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება.