30-07-2019
წყალტუბო – ერთ დროს პოპულარული ბალნეოლოგიური კურორტი, რომელიც თავისი უნიკალური სამკურნალო წყლითა და სტალინური იმპერიისთვის დამახასიათებელი გრანდიოზული და პომპეზური არქიტექტურული ნაგებობებით იყო ცნობილი, ახლა გაპარტახებულია. ის ურბანული მკვლევარებისა და მიტოვებული, მკვდარი ქალაქების ისტორიების შემგროვებელი ფოტოგრაფების საყვარელ ადგილად არის ქცეული.
შეხვალთ თუ არა მწვანეში ჩაფლული ქალაქის ცენტრში, მიხვდებით, რომ ამ კურორტს უფრო ბევრი აქვს საერთო წარსულთან, ვიდრე აწმყოსთან ან მომავალთან. მოსახლეობის დიდი ნაწილიც წარსულზე მოგონებებით ცხოვრობს.
“როგორ ვცხოვრობთ? აქ ცხოვრება მაშინ იყო, როცა რკინიგზის სადგურში ყოველდღე მოსკოვი-წყალტუბოს მატარებელი შემოდიოდა. “დაჩნიკებით” იყო სავსე სანატორიუმებიც და ხალხი ოთახებს საკუთარ სახლებშიც აქირავებდა. ახლა ქალაქი მკვდარია. აქ აღარც დამსვენებელია და აღარც ტურისტი,” – გვიყვება 51 წლის გია ფორჩხიძე.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, ბოლო წლების განმავლობაში წყალტუბოში რამდენიმე სასტუმრო გაიხსნა, ამოქმედდა გამწვანების სამსახურიც, მაგრამ სამუშაო ადგილები მაინც არასაკმარისია.
ძველ დროს სინანულით იხსენებს 74 წლის ლეილა ჩიხლაძეც: “მუდმივი კლიენტები მყავდნენ მოსკოვიდან და ლენინგრადიდან. ნათესავებივით ვიყავით. ყოველ წელს ბინაზე ჩემთან რჩებოდნენ. ვმუშაობდით, ხელფასიც გვქონდა და დამატებითი შემოსავალიც დამსვენებლებისგან. ახლა მოხუცებს პენსიის მეტი არაფერი გვაბადია, ახალგაზრდობა უმუშევარია. ჭირს ცხოვრება და ვისაც ასაკი და მდგომარეობა ხელს უწყობს, მიდის აქედან.”
ნანგრევებისა და დევნილების ქალაქი
საყოველთაო აღწერის თანახმად, 1989 წელს წყალტუბოში 17 393 ადამიანი ცხოვრობდა, ხოლო 2014 წელს – 11 281. აქედან 5038 აფხაზეთიდან იძულებით დევნილია. დაცარიელებულ სასტუმროებში 1993 წელს აფხაზეთიდან იძულებით დევნილი ადამიანები შეასახლეს.
“იცით როგორი ლამაზი შენობა იყო? კიბეებზე წითელი ხალიჩები ეფინა და პარკეტი ბრდღვიალებდა. 27 წელია აქ ვცხოვრობთ. ამხელა კომპლექსის მოვლა-პატრონობას ფული უნდა. დევნილებს ამის საშუალება არ გვქონდა. მოუვლელობის გამო დაინგრა. ახლა აქ ცხოვრება უკვე საშიშია,” -გვეუნება სოხუმიდან დევნილი ვაჟა კოპალიანი და მეზობელს სთხოვს სასტუმრო კომპლექსი დაგვათვალიერებინოს.
სასტუმრო “კოლხეთს” საბჭოთა პერიოდში “რკინიგზელი” ერქვა. შენობას წარსული დიდების კვალი ახლაც ეტყობა. თუმცა, კედლები ჩამოშლილი და დაბზარულია. კანალიზაციის დაჟანგული მილებიდან წყალი ჟონავს და ირგვლივ სინესტის და შმორის სუნია. დერეფანში და ოთახებში იატაკის და პარკეტის კვალი აღარსად ჩანს.
ბოლო წლებში წყალტუბოში დევნილებისთვის 11 კორპუსი აშენდა. ახალ საცხოვრებელ ბინებში ისინი ეტაპობრივად გაიყვანეს. თუმცა, დევნილების მცირე ნაწილი საბჭოთა დროინდელ დასასვენებელ კომპლექსებში დღემდე რჩება – ნაწილი ჯერ კიდევ ელოდება ბინას, ნაწილს კი სხვაგან წასვლა არ უნდა.
დანარჩენი დასასვენებელი კომპლექსებიც “კოლხეთის” მსგავსადაა გაპარტახებული. აქედან ყველაზე მონუმენტური და შთამბეჭდავი “მეშახტე”, “ივერია” და “მედეაა”. გრანდიოზული არქიტექტურული ნაგებობები, რომაული სტილის კოლონებითა და ჩუქურთმებით, ქანდაკებებით და შადრევნებით, სადაც ეროვნული, ტრადიციული ელემენტებიც გემოვნებითაა შერწყმული, დამთვალიერებელს შორიდანვე ნუსხავს.
დანგრეული, გაპარტახებული შენობების სახურავებსა და კიბეებზე ხეებია ამოსული. ფანჯრის და კარის ჩარჩოები ამოღებულია. აქა-იქ ავეჯის ფრაგმენტებია შემორჩენილი.
დანგრეულია პარკში არსებული აბანოებიც. ამჟამად 9-დან მხოლოდ ოთხი აბანო ფუნქციონირებს. მათ შორის, მოქმედია წყარო N6 და წყარო N1.
ისტორია
წყალტუბოს შესახებ პირველი ისტორიული ცნობები მე-7-9 საუკუნეებით თარიღდება, მე-12 – მე-13 საუკუნეებში კი ჩნდება ცნობები მისი წყლების სამკურნალო თვისებების შესახებ. ევროპაში პირველი ცნობები წყალტუბოს სამკურნალო წყლების შესახებ გამოცემაში „ბერლინის საბუნებისმეტყველო საზოგადოების შრომები“ 1782 წელს გამოქვეყნდა.
წყალტუბოს თერმული წყალი შეიცავს რადონის ემანაციას (იზოტოპებს), მას აზოტიანი წყლების კლასს მიაკუთვნებენ. მისი ბუნებრივი ტემპერატურა 35 გრადუსია, რაც ადამიანის ორგანიზმის ტემპერატურას უახლოვდება. როგორც ლაბორატორიული კვლევები აჩვენებს, წყალტუბოს წყაროების ქიმიური შემადგენლობა და ტემპერატურა 1902 წლის შემდეგ თითქმის არ შეცვლილა. წყლების ბუნებრივი ტემპერატურა აქ არასოდეს იცვლება: არც ზამთარში და არც უხვი ნალექის დროს.
წყალი აბაზანებში პირდაპირ წყაროებიდან მოდის, გათბობისა და გაციების გარეშე. წყალტუბოს მინერალური წყალი კურნავს სამოცამდე დაავადებას. მათ შორის გულ-სისხლძარღვთა, საყრდენ-მამოძრავებელი, პერიფერიული ნერვული სისტემისა და კანის დაავადებებს.
სამკურნალო დაწესებულებების თანამშრომლები ჰყვებიან, რომ ზოგიერთი დამსვენებელი სამკურნალო პროცედურების გავლის შემდეგ თავის ყავარჯნებს სამუდამოდ აქვე ტოვებდა.
ქალაქ წყალტუბო 50-ანი წლების დასაწყისში ორიგინალური გენერალური გეგმის მიხედვით დაიგეგმა და აშენდა. ამ გეგმის მიხედვით, წყალტუბო ბალნეოლოგიურ, სანატორიულ და საცხოვრებელ ზონებად დაიყო.
კურორტის შუაგულში, 80 ჰა-ზე ცენტრალური პარკია მოწყობილი, სადაც 150-ზე მეტი სახეობის ფოთლოვანი და წიწვოვანი მცენარეა გაშენებული. კურორტს ამფითეატრის ფორმა აქვს: 22 დასასვენებელი კომპლექსი ცენტრალურ პარკის ირგვლივ, წრიული პრინციპით აშენდა, თვითონ პარკში კი 9 სააბაზანო მოეწყო.
გადარჩენილი წყარო და დამსვენებლები
ბალნეოცენტრი “წყარო №6” იმითაა ცნობილი, რომ თავის დროზე სპეციალურად სტალინისთვის აუგიათ. აქ მისი აბანოს კაბინა დღემდეა შემორჩენილი.
ბალნეოკურორტის მთავარი ექიმი, ნანა გვიშიანი გვიყვება, რომ სტალინი აქ მხოლოდ რამდენიმე დღის განმავლობაში ისვენებდა. მოსკოვში დაბრუნების შემდეგ კი მინისტრთა საბჭოს სხდომაზე უთქვამს, რომ წყალტუბოში ყველა უწყებას თავისი სანატორიუმი უნდა ჰქონოდა. ბელადის დავალება პირნათლად შესრულდა და რკინიგზელებისთვის აშენდა “რკინიგზელი” , მეტალურგებისთვის – “მეტალურგი”, ხოლო მეშახტეებისთვის – “მეშახტე”.
სტალინი მეორედ წყალტუბოში 1953 წელს ჩასულა. ამ ვიზიტისთვის მისთვის სპეციალურად აუშენებიათ ცალკე შენობა, რომელიც ქალაქიდან მოშორებით, გორაკზე დგას და საიდანაც მთელი წყალტუბო ხელისგულზე ჩანს. ამ შენობას ადგილობრივები დღესაც “სტალინის დაჩას” ეძახიან.
წყარო №6 კურორტ წყალტუბოს ყველაზე დიდი სამკურნალო ბალნეოლოგიური ცენტრია, რომელიც ცენტრალური პარკის შუაგულში მდებარეობს.
ის სსრკ თავდაცვის სამინისტროს ეკუთვნოდა და დღეში 1300 ადამიანს იღებდა.
ბალნეოცენტრი 2014 წელს გაიყიდა და მისი რესტავრაცია სრულად 2018 წელს დასრულდა. ცენტრის მიმღები, საცურაო აუზები და დარბაზები საბჭოთა ეპოქის 40-50-იანი წლების სტილშია მოპირკეთებული.
დღეს წყალტუბოში მოქმედი 9 სააბაზანოდან 7 სწორედ წყარო ნომერ 6-ს ეკუთვნის.
წყარო N6-ის მენეჯერი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ კომპლექსში დამსვენებლები მუდმივად ჰყავთ. პაციენტთა დიდი ნაწილია კი უცხოელია, ისინი აქ ძირითადად აზერბაიჯანიდან, არაბული ქვეყნებიდან, ისრაელიდან და რუსეთიდან ჩამოდიან.
დამსვენებლებს კანტი-კუნტად ქალაქშიც ნახავთ. წყალტუბოში ყოფნის დროს ჩვენ მარნეულელი ცოლ-ქმარი შეგვხვდა, ახმედ და რაია მამედოვები. “საწოლი 6 ლარად ვიქირავეთ. პატარა ოთახი გვაქვს. დღეში 12 ლარს ვიხდით. ამდენივეს წყლის პროცედურებში. წყარო N1-ში დავდივართ. მე მომწონს. ჩემს ქმარს კი არა. ერთი კვირაა აქ ვართ და უკვე წასვლა უნდა. კაფეც კი არ არის სადმე, რომ შევიდეთ, მე წყალი მომწონს, ჩემს სახსრებს ნამდვილად უხდება”– ამბობს რაია.
მთავრობის გეგმები – რა შესრულდა და რა არა
წყალტუბოს დიდი რეაბილიტაციის” პროექტის დაწყება საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2012 წლის 14 სექტემბერს დააანონსა. მაშინ პრეზიდენტი აცხადებდა, რომ წყალტუბოში ბადენ-ბადენის ტიპის კურორტის გაკეთებას აპირებდა.
წყალტუბოს რეაბილიტაციის პროექტი ძირითადად მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება. ამ მიზნით, 2012 წლის 6 ნოემბერს მსოფლიო ბანკმა რეგიონული განვითარების მეორე პროექტის ფარგლებში 37 მილიონი დოლარი გამოყო. წყალტუბოში მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განხორციელებულ პროექტებს შორისაა “ცივი ტბის” მიმდებარე ტერიტორიაზე მცირე ზომის შენობა-ნაგებობების მშენებლობა, ქალაქის წრიული გზის რეაბილიტაცია, სხვადასხვა შენობის და ოარკის ინფრასტრუქტურის აღდგენა.
უკვე “ქართული ოცნების” ხელისუფლების ინიციატივით, საპარტნიორო ფონდმა წყალტუბოს, როგორც სამედიცინო-გამაჯანსაღებელი სპა კურორტის განვითარების გრძელვადიანი გეგმა შეიმუშავა. გეგმა ორეტაპიანია და წყალტუბოში სასტუმროების და აბაზანების აღდგენას გულისხმობს.
გეგმის პირველი ეტაპი ადგილობრივი და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან ინვესტორების, ხოლო მეორე ეტაპზე – დასავლეთ ევროპის სპა ბრენდების მოზიდვას ითვალისწინებს. გეგმის განხორციელება 2015 წელს დაიწყო და ის ათი წლის განმავლობაში წყალტუბოში მინიმუმ 720 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელებას ითვალისწინებს.
თუმცა, დღეისთვის ამ გრანდიოზული გეგმებიდან თითქმის არაფერი შესრულებულა.
დღეს დევნილებისგან მთლიანად თავისუფალი ხუთი დასასვენებელი კომპლექსია. აქედან ორი – “მეშახტე” და “ივერია”, რამდენიმე წლის წინ გაიყიდა. “მეშახტე” დიდი, მწვანე ღობითაა შემოღობილი. რკინის ჭიშკარი დიდი კლიტით არის დაკეტილი. ახალი მფლობელი 1952 წელს აშენებულ დასასვენებელ კომპლექსს ცნობისმოყვარე დამთვალიერებლებისგან საგულდაგულოდ იცავს: კომპლექსში ახლა მისი ნებართვის გარეშე ვერანაირად შეხვალთ.
პროექტის თანახმად, იქ 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო ჯერ კიდევ გასულ წელს უნდა გახსნილიყო, თუმცა ინვესტორმა პირობები ვერ შეასრულა და ვადის გადაწევა მოითხოვა. “მეშახტეში” სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოები არც ამჟამად მიმდინარეობს.
გაიყიდა სანატორიუმი “ივერიაც” – 253 ათას ლარად. საპრივატიზებო პირობების თანახმად, ინვესტორმა სასტუმროს ადგილზე 160-ნომრიანი სასტუმრო უნდა ააშენოს, სადაც 80 ადამიანი დასაქმდება. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 6 მილიონი ევროა.
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ამჟამად კიდევ 5 სანატორიუმს ჰყიდის. სანატორიუმ „იმერეთის“, საპრივატიზებო ღირებულება 3 მილიონი ლარია, პანსიონატი „სავანე“ – 2 მილიონ ლარადაა შეფასებული, სტალინის აგარაკი და სანატორიუმი „წყალტუბო“- 8,45 მილიონად, სანატორიუმი „ფილიალი“ – 1,96, ხოლო სანატორიუმი „მეგობრობა“ – 5,2 მილიონ ლარად.
“კურორტს თუ ძველი ცნობადობა და პოპულარობა დაუბრუნდება, ძველი სანატორიუმები აღდგება და სამკურნალო ტურიზმიც განვითარდება, მაშინ შეიძლება ეს მკვდარი ქალაქიც გაცოცხლდეს და წყალტუბო მხოლოდ საბჭოთა კავშირის დროინდელი კურორტის მუზეუმი აღარ იყოს,” – ამბობს ადგილობრივი მცხოვრები გია ფორჩიძე.