გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

რატომ დაიწია ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის I ვარიანტში ბარიერმა 9 ქულამდე? – „ნაეკის“ განმარტება

4-09-2019

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა, 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების სტატისტიკური ანალიზი გამოაქვეყნა. დოკუმენტში მოცემულია თუ რომელ საგანში რამდენით შემცირდა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი და აბიტურიენტების რამდენმა პროცენტმა შეძლო მისი გადალახვა.

სოციალურ ქსელში ერთგვარი აჟიოტაჟი გამოიწვია ქართული ენისა და ლიტერატურის I ვარიანტის გამსვლელი ქულის შემცირებამ, რომელიც 18-დან 9 -მდე დავიდა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ქართული ენისა და ლიტერატურის საგნის ჯგუფის ხელმძღვანელი ნანა ლოლაძე ამბობს, რომ ბარიერის განახევრების მიზეზი, ტესტის სირთულე გახდა, რომელიც აბიტურიენტების დიდმა ნაწილმა არასწორად გაიგო.

„ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტის ოთხი ვარიანტიდან შედეგების მიხედვით სამი დაახლოებით თანაბარი სირთულისაა, ერთი კი, პირველი ვარიანტი, უფრო რთულად დასაძლევი აღმოჩნდა. ამის მიზეზი გახდა ის, რომ ტესტის მესამე დავალება აბიტურიენტების ერთმა ნაწილმა არასწორად გაიგო. მათ ორი მხატვრული ტექსტიდან უნდა შეერჩიათ და განეხილათ ერთ-ერთი. ეს მხატვრული ტექსტები იყო: გალაკტიონ ტაბიძის ლექსი მთაწმინდის მთვარე და ნაწყვეტი კოტე ჯანდიერის მოთხრობიდან „გლობალიზაცია“.

„აბიტურიენტთა ნაწილმა ყურადღებით არ წაიკითხა დავალების ინსტრუქცია და კოტე ჯანდიერის მოთხრობის სათაური „გლობალიზაცია“ ესეს დავალებად ჩათვალა, შესაბამისად, შემოთავაზებული დავალების ნაცვლად დაწერა არგუმენტირებული ესე ამ მოთხრობის მიხედვით. სხვათაშორის, ერთ-ერთმა აბიტურიენტმა გამოცდიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტს განუცხადა, თითქოს ტექსტში ერთი კი არა, ორი არგუმენტირებული ესე იყო შეტანილი. აბიტურიენტთა დაბალი მაჩვენებელი ამ გარემოებამ განაპირობა, რაც აისახა საერთო შედეგზე“,- განაცხადა ნანა ლოლაძემ EDU.ARIS.GE-სთან საუბარში.

იხილეთ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები

მისივე თქმით, მართალია წლიდან წლამდე მდგომარეობა უმჯობესდება, თუმცა აბიტურიენტებს დღემდე უჭირთ მხატვრული ტექსტების გააზრება და ასევე ჩანს, რომ ისინი საპროგრამო ნაწარმოებებსაც არ იცნობენ.

„ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტში სამი დავალებაა. ტექსტის რედაქტირებას აბიტურიენტები მეტ-ნაკლებად ართმევენ თავს. რაც შეეხება არგუმენტირებულ ესეს, ახალგაზრდების ნაწილი ჯერ კიდევ ვერ ახერხებს დავალებაში დასმული პრობლემის გააზრებასა და საკუთარი აზრის ჩამოყალიბებას, თუმცა ამ მხრივ ვითარება წლიდან წლამდე სულ უფრო უმჯობესდება. ტრადიციულად, აბიტურიენტებს შედარებით უჭირთ მხატვრული ტექსტის ანალიზი. ვფიქრობთ, ამის ერთ-ერთი მიზეზია ის, რომ ახალგაზრდები ნაკლებად კითხულობენ მხატვრულ ლიტერატურას, მეტიც, როგორც ნამუშევრებიდან ჩანს, ისინი არ იცნობენ საპროგრამო ნაწარმოებებსაც. ამ აბიტურიენტებს, ბუნებრივია, ასევე უჭირთ არასაპროგრამო ტექსტების გააზრება“, – განმარტავს ნანა ლოლაძე.

რატომ შეაქვს გამოცდაზე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრს აბიტურიენტებისთვის ასე მკვეთრად განსხვავებული ტესტები – ეს ექპერიმენტის თუ გათვლების გარეშე მიღებული გადაწყვეტილების ბრალია ჩვენთვის უცნობია.

edu.aris.ge