4-11-2019
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის მიერ საქართველოსთვის ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტების გასაცნობად და სამომავლო თანამშრომლობის საკითხების განხილვისთვის, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაცია იმყოფება, რომელსაც საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს თავმჯდომარე, ვანგ ქსიაოტაო ხელმძღვანელობს.
აღსანიშნავია, რომ ჩინეთის მთავრობის ტექნიკური დახმარების ერთ-ერთი მიმართულება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო ინფრასტრუქტურის აღჭურვასა და საინსპექციო სისტემების გაძლიერებას ითვალისწინებს.
სტუმრებმა ერთ-ერთი ასეთი აღჭურვილობა - სატვირთო საავტომობილო სტაციონალური რენტგენო სკანერი და ტვირთების მონიტორინგის პროცესი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში დაათვალიერეს.
ინსპექტირების სისტემის გაცნობის შემდეგ, საუბარი სამუშაო შეხვედრის ფორმატში გაგრძელდა, რომელსაც საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი ლი იანი, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი, შემოსავლების სამსახურის უფროსი ვახტანგ ლაშქარაძე, საბაჟო დეპარტამენტის უფროსი მამუკა ჯანგულაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი სამსონ ურიდია დაესწრნენ.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: აღმოსავლეთ - დასავლეთის სატრანზიტო დერეფანი, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების ხელშეწყობა და ეკონომიკური პარტნიორობის განმტკიცების მექანიზმები.
შეხვედრის მსვლელობისას, ვახტანგ ლაშქარაძემ სტუმრებს საბაჟო დეპარტამენტში მიმდინარე რეფორმებისა და თანამედროვე ინფრასტრუქტურული სიახლეების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.
მისი თქმით, თანამედროვე საბაჟო აღჭურვილობა საზღვარზე პოტენციური საფრთხეების თავიდან არიდების მიზნით, უზრუნველყოფს მიზნობრივი საბაჟო კონტროლის სწრაფად განხორციელებას, ხელს უწყობს უსაფრთხოების დაცვასა და იმავდროულად, ამცირებს საბაჟო შემოწმების პროცედურების ხანგრძლივობას.
„საქონლის ფიზიკურ დათვალიერებას სჭირდება საშუალოდ 5 საათზე მეტი დრო. საქონლის სპეციფიკიდან გამომდინარე, დათვალიერება შესაძლებელია რამდენიმე დღეც კი გაგრძელდეს. ტვირთის ამდენი ხნით, დაყოვნება წარმოუდგენლ ზიანს მიაყენებს გლობალურ ვაჭრობას და მასში ჩართულ ყველა სატრანსპორტო კომპანიას. დათვალიერების თანამედროვე ტექნოლოგიის გამოყენება შესაძლებლობას იძლევა მნიშვნელოვნად შემცირდეს საბაჟო კონტროლისთვის აუცილებელი დრო, საშუალოდ 4 წუთიდან - 7 წუთამდე, ნაცვლად 2 საათისა ან რამდენიმე დღისა. ამასთან, რენტგენო ინსპექტირება მნიშვნელოვნად ამცირებს დათვალიერებისთვის საჭირო ადამიანურ რესურსს და ამაღლებს რისკის შემცველი ტვირთების იდენტიფიცირების პროცესს“, - აღნიშნა ვახტანგ ლაშქარაძემ.
შემოსავლების სამსახურის უფროსმა მადლობა გადაუხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დელეგაციის წევრებს მხარდაჭერისთვის და კიდევ ერთხელ, ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის თანამშრომლობის მნიშვნელობას.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, აღსანიშნავია ისიც, რომ მიმდინარე წლის თებერვალში, საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის ხელმოწერილია ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება, რომელიც 5 საბაჟო გამშვები პუნქტის უახლესი სტაციონარული რენტგენის სკანერით აღჭურვისთვის 100 მილიონი იუანის (დაახლოებით 15 მილიონი აშშ დოლარი) გამოყოფას ითვალისწინებს.
ამჟამად, საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების ეკონომიკურ ზონებსა და საბაჟო გამშვებ პუნქტებზე (სარფი, ვალე, ნინოწმინდა, სადახლო, წითელი ხიდი, ლაგოდეხი, ყაზბეგი, ფოთის პორტი, თბილისის გაფორმების ეკონომიკური ზონა, ასევე სარკინიგზო ინსპექტირების სისტემები ფოთის პორტსა და გარდაბანში) 46 სხვადასხვა დანიშნულების სტაციონალური სკანერი ფუნქციონირებს. ამასთან, 5 წლიანი გრანტის ფარგლებში, იგეგმება კიდევ 9 ერთეული ახალი რენტგენო სკანერის გადმოცემა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის მიერ საქართველოსთვის ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის ფარგლებში, 2005 წლიდან დღემდე, გრანტების სახით უკვე გამოყოფილია დაახლოებით, 62 მლნ აშშ დოლარი, ხოლო შეღავათიანი სასაქონლო კრედიტის სახით - დაახლოებით 4.3 მლნ აშშ დოლარი.