24-01-2018
„2017 წლის შედეგებით უკრაინელებმა ქვეყნის ყველაზე ავტორიტეტულ ლიდერებად დაასახელეს პეტრო პოროშენკო (10%), მიხეილ სააკაშვილი (7,3%) და იულია ტიმოშენკო (6,4%). თანაც გამოკითხულთა 43% მიიჩნევს, რომ არცერთი ლიდერი პატივსაცემი არ არის“ - ასეთი მონაცემები წარადგინა კიევის „დემოკრატიული კვლევების“ ფონდმა, რომელმაც გამოკითხვა უკრაინის მთელ ტერიტორიაზე ჩაატარა (არაკონტრილებული რეგიონების გამოკლებით).
მიუხედავად იმისა, რომ ნაჩვენები ციფრები საკმაოდ დაბალია, მაინც შეიძლება ითქვას, რომ უკრაინის მოქალაქეობაწართმეული მიხეილ სააკაშვილი იმავდროულად ქვეყნის ყველაზე ციტირებული პოლიტიკოსია. გასული წლის განმავლობაში საქართველოს ექს-ლიდერმა მოასწრო ლანძღვა-გინება პრეზიდენტთან და გენპროკურორთან, დაუმეგობრდა იულია ტიმოშენკოს და შეურიგდა ოლიგარქ იგორ კოლომოისკის, თუმცა ერთი წლის წინ მას ციხეში ჩაჯენით ემუქრებოდა.
სკანდალები და წინააღმდეგობრივი ისტორიები, რომლებიც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთანაა დაკავშირებული, მას უფრო მეტ აჟიოტაჟს მატებს. მიხეილ სააკაშვილი კარგად სარგებლობს ამ ხმაურით და უკრაინის მორიგი რევოლუციის იდეას ავითარებს. უკრაინის ხელისუფლება „მარჯვე“ რევოლუციონერის შეჩერებას კომპრომატებით ცდილობს: 2017 წლის დეკემბერში მიხეილ სააკაშვილის სატელეფონო საუბრები გამოქვეყნდა გაქცეულ ოლიგარქ ალექსეი კუჩერენკოსთან, საპროტესტო აქციების დაფინანსების თაობაზე, თუმცა მან აუდიოჩანაწერს „ფეიკი და სიცრუე“ უწოდა. ამასთან, მან არ უპასუხა „ნოვაია გაზეტას“ კითხვას - თუ სიცრუეა, მაშინ სასამართლოში რატომ არავის არ უჩივის.
ინტერვიუში საქართველოს ექს-პრეზიდენტი „ნოვაია გაზეტას“ სპეცკორესპონდენტს პავლე კანიგინს ესაუბრა იმაზე, თუ რატომ ჭირდება უკრაინას ახალი რევოლუცია, როგორ აირეკლება რევოლუცია რუსეთზე და რას გააკეთებს, როცა უკრაინის ხელისუფლებაში აღმოჩნდება“, - ნათქვამია პუბლიკაციის შესავალში.
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ ამონარიდებს ვრცელი ინტერვიუდან:
-------------
- რატომ აძვერით სახლის სახურავზე?
- მე უკრაინელმა ძალოვანებმა კავშირის საშუალება დამიხშეს, სწორედ ამიტომ ავედი სახურავზე, Telegram-ის მეშვეობით შეტყობინების გასაგზავნად.
- ვისთვის?
- თანამებრძოლებთან! ავძვერი და გავგზავნე, ყველაფერი სწრაფად გავაკეთე.
(...)
- საინტერესოა, რით ხიბლავს „მარჯვე“ ქართველს უკრაინა?
- მე ჩემი ცხოვრების 13 წელიწადი უკრაინაში გავატარე: 5 წელი ვსწავლობდი, 2 წელი არმიაში ვმსახურობდი. სწავლის შემდეგ აქ კიდევ რამდენიმე თვე ვიყავი. მერე რა, რომ ეს საბჭოთა პერიოდში იყო? ორივე რევოლუციაში ვმონაწილეობდი, განსაკუთრებით მეორეში, ვეხმარებოდი... უკრაინას საქართველოსაგან არ ვასხვავებ, ჩემთვის უკრაინელები მშობლიური ხალხია. მათ მე მიშვილეს, ისინი მომწონს. ჩემთვის კიევი მშობლიური ქალაქია. ოდესაც ძალიან ჰგავს საქართველოს და ჩემს ბავშვობას მაგონებს. უკრაინელები თავიანთი ტიპაჟით და ხასიათებით ძალიან ჰგავნან ქართველებს. მოკლედ, უკრაინასთან მე ძლიერი ემოციური კავშირი მაქვს, უკრაინა ჩემი მეორე სამშობლოა.
- ესე იგი, გამოდის, რომ სამშობლო იქ არის, სადაც ემოციები გაქვს და მოძრაობ? თუ ხელისუფლება გაქვს?
- მე არ ვამბობ, რომ ადამიანს ხუთი სამშობლო უნდა ჰქონდეს, მაგრამ ორი შეიძლება, თუ ქვეყნები ერთმანეთს ჰგავს. უკრაინა საქართველოს უფრო ჰგავს, ვიდრე რუსეთს, თუმცა უკრაინაში რუსულად უფრო ლაპარაკობენ, რადგან საერთო საბჭოური ბაზისი არსებობდა. უკრაინელებს იმპერიული იდეები არ აწუხებთ, ამიტომაც ქართველები და უკრაინელები ერთმანეთს უკეთესად უგებენ. ამიტომაც ვამბობ ხოლმე, რომ უკრაინა ევროპის ძლიერი სახელმწიფო უნდა გახდეს, მას ამისთვის ფართობი და რესურსები საკმარისი აქვს. უკრაინას შეუძლია აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში წამყვან სახელმწიფოდ გადაიქცეს ისე, როგორც ეს საქართველომ [კავკასიის რეგიონში] გააკეთა. დიახ, საქართველო პატარა ქვეყანაა, მაგრამ ჩვენ რეფორმების საკითხში სტანდარტი შევქმნით. უკრაინასაც შეუძლია გავლენის მოპოვება „რბილი ძალით“ ისე, რომ არავის დაემუქროს და არ დააშინოს. იმპერიული იდეები მხოლოდ რუსეთს აქვს, უკრაინას კი არ ჭირდება.
(...)
ჩემთვის პოპულარობას მნიშვნელობა იმდენად არ აქვს, რამდენადაც დიდ ქალაქებში არსებულ საშუალო კლასისა და ახალგაზრდობის მხარდაჭერას. ამით ალექსეი ნავალნისა და ჩემი ბაზა ერთმანეთს ჰგავს. როცა ვლადიმერ პუტინი სერგეი ნავალნიზე ასეთ რეაგირებას ახდენს, ეს იმას ნიშნავს, რომ ნავალნი მართლაც რუსეთის ალტერნატივას წარმოადგენს.
- მაგრამ განა თქვენს უხერხულად არ მიგაჩნიათ მისი გამონათქვამი ქართველების მიმართ 2008 წელს?
- იგი ჩემს მიმართაც არ იყო კარგად განწყობილი და ბევრ არასასიამოვნოს ლაპარაკობდა.
- „მღრღნელები“ გიწოდათ...
- კი, მახსოვს, მაგრამ ადამიანები იცვლებიან, შეცდომებზე სწავლობენ...
- ანუ მას აპატიეთ?
- ვფიქრობ, რომ სამომავლო შანსი უნდა ჰქონდეს. რასაკვირველია, „მღრღნელებზე“ ლაპარაკი უნდა შეწყვიტოს. ყურადღების კონცენტრირება წარსულზე კი არა, მომავალზე უნდა მოვახდინოთ. რუსეთის ახალი თაობა ჩემზე ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენს. ალექსეი ნავალნის მოწყობილი მიტინგების შემდეგ მათი ინტერვიუები რომ წავიკითხე, ძალიან მაგარი შთაბეჭდილება შემექმნა. საერთოდ, რუსეთის მდგომარეობა ვლადიმერ პუტინის ბრალია, მან შეიყვანა ქვეყანა ხაფანგში და განაცხადა, რომ სახელმწიფო მხოლოდ ის არის.. მე თანამდებობიდან ორი ვადის შემდეგ წავედი, თუმცა ყველაფერს ვაკონტროლებდი. დარჩენა რომ მდომოდა, სულ მარტივად გავაკეთებდი. რეიტინგიც ძალიან მაღალი მქონდა.
- დავუშვათ, თქვენ უკრაინის ხელისუფლებაში მოხვედით. როგორ ააწყობთ ურთიერთობას იმავე ვლადიმერ პუტინთან, რომელიც ვერ გიტანთ?
- ურთიერთობა საჭირო არაა. ჩემი აზრით, პუტინი ყველა ჩვენთაგანის პრობლემას წარმოადგენს, თუმცა მას პირად მტრად არ ვთვლი. საერთოდ არ ვფიქრობ, რომ ვინმეს პირადი მტრები უნდა ჰყავდეს. რატომ ვარ მისთვის მტერი? იმიტომ, რომ მე დაუმორჩილებლობის სიმბოლო ვარ. ყველამ იცის, რომ მას 2008 წელს თბილისის აღება სურდა. ეს იცის ნიკოლა სარკოზიმაც, მე ვიცი... მე მისთვის ჩანაფიქრის შეუსრულებლობის სიმბოლოს წარმოვადგენ... თანაც დავდივარ უკრაინაში, წყალს ვუმღვრევ... როცა ვლადიმერ პუტინი ალექსეი ნავალნისა და მის თანამებრძოლებს იჭერს, მას მე ვყავარ მხედველობაში. მას კარგად ვახსოვარ ჯერ კიდევ დსთ-ის სამიტების დროიდან. მე მას ვუღიმოდი, პატივისცემით ვპასუხობდი, იგი კი იმას აკეთებდა, რაც უნდოდა.
- მაგრამ ერთმანეთთან ორი მჭიდროდ დაკავშირებული ქვეყნის გამიჯვნა ხომ შეუძლებელია?
- კახა ბენდუქიძე, რომელმაც კარიერა რუსეთში გაიკეთა და თქვენი ქვეყანა ძალიან უყვარდა, ასე ამბობდა: „მოდით წარმოვიდგინოთ, რომ რუსეთის ადგილზე დიდი რუხი ზღვა ან ოკენეაო“. უკრაინამაც ისე უნდა იცხოვროს, [როგორც საქართველომ]. მე არ ვამბობ, რომ ეკონომიკურ-კულტურული და ყოფითი კავშირები არ იყოს-მეთქი, მაგრამ პოლიტიკური გადაწყვეტილებები ისე უნდა იქნეს მიღებული, რომ არ ვიფიქროთ, მოსკოვში რას იტყვიან.
(...)
- რევოლუცია გიტაცებთ?
- მთავარი ისაა, თუ ხალხი მოიწონებს და შედეგს ნახავს. ჩემი პრეზიდენტობის ბოლო წელს საქართველოში მე ყოველდღიურად ახალ ობიექტს ვხსნიდი - შენობებს, ინსტიტუტებს, კომპანიებს... როცა გარდაქმნის საჭესთან დგახარ, ეს ძალიან საკაიფოა, ხოლო როცა შედეგს დაინახავ, ხელით შეეხები და იტყვი - „ეს მე გავაკეთე, ეს ჩემი პრეზიდენტობის დროს აშენდა, ამის ინიცირება მე მოვახდინე... მე რომ არ ვყოფილიყავი, ეს არ იქნებოდა“. და როცა მოსახლეობაც კმაყოფილია, ეს საერთოდ დიდი ჯეკპოტია. მე საქართველოში ხალხს სწორედ ასეთი ვახსოვარ.
(...)
- ვინ აფინანსებს თქვენს პარტიას? ხმები დადიოდა, რომ იგორ კოლომოისკი...
- ჩემს პარტიას რიგითი უკრაინელები ეხმარებიან.
- არის აზრი, რომ უკრაინის ელიტის წარმომადგენლები თქვენ, უბრალოდ, გიყენებენ პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ, მაგრამ ხელისუფლებაში არასოდეს არ დაგიშვებთ...
- მეც ბევრჯერ მსმენია, რომ მიხეილ სააკაშვილი მხოლოდ ტარანის როლის შემსრულებელიაო... მაგრამ ირონია იმაშია, რომ ვინც პირველი მოახდენს ტარანს, სწორედ იმას ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა.
ინტერვიუს ვრცელი ვერსიის ნახვა შეგიძლიათ ვებ-გვერდზე www.newspress.ge