2-12-2019
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ტიტე აროშიძესთან ერთად, ბათუმში ციტრუსის საკოორდინაციო შტაბის მუშაობას გაეცნო.
„ციტრუსის ხარისხის გათვალისწინებით, 2019 წელი ფერმერებისთვის გამორჩეულად წარმატებული იქნება. მანდარინის კრეფის სეზონი ინტენსიურ ფაზაში შედის, ეს არის ერთ-ერთი ინდუსტრიული კულტურა, რომელზეც დიდწილად არის დამოკიდებული აჭარის და გურიის მოსახლეობის შემოსავლები და მათი ეკონომიკური მდგომარეობა. შესაბამისად, აჭარაში განსაკუთრებით აქტიურად მიმდინარეობს საორგანიზაციო სამუშაოები. რაც შეეხება მიმდინარე წელს, უნდა აღინიშნოს, გვაქვს ხარისხიანი მოსავალი, რაც პირდაპირ კავშირშია ფასებთან. კარგი შედეგები გვაქვს ბაზრების დივერსიფიკაციის კუთხით. ძირითადი ბაზარი, ტრადიციულად, უკრაინა და რუსეთია, თუმცა მოთხოვნა გაზრდილია შუა აზიაში, დაინტერესებაა ბელორუსიდანაც; ბაზრების გეოგრაფია იზრდება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას გათვალისწინებული აქვს სუბსიდირება იმ შემთხვევაში, თუ საჭირო გახდა. ყველა რესურსი მობილიზებულია, რომ მოსახლეობას ჩაბარების პრობლემა არ შეექმნას. საწარმოები სრულ მზადყოფნაშია, რომ მანდარინის დაბინავების პროცესმა რიგების გარეშე ჩაიაროს.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა ქობულეთის მუნიციპალიტეტში ციტრუსის მიმღებ-გადამმუშავებელი საწარმო შპს ,,ქართული მანდარინი’’ დაათვალიერეს და ციტრუსის მიღების პროცესს ადგილზე გაეცნენ. ,,ქართული მანდარინი’’ მიმდინარე წელს გეგმავს 1000 ტონამდე სტანდარტულ ციტრუსის მიღებას და 20000 ტონამდე არასტანდარტული მანდარინის გადამუშავებას, რომლისგანაც დამზადდება კონცენტრირებული წვენი.
დღეის მდგომარეობით, უკვე ექსპორტირებულია 7 900 ტონა სტანდარტული მანდარინი. წელს ტრადიციულ ბაზრებს (რუსეთი, უკრაინა, სომხეთი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი) 4 ქვეყანა სლოვენია, სინგაპური, ლიეტუვა და ყატარი დაემატა.
ნარინჯისფერი რთველის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და აჭარის მთავრობის ხელშეწყობით, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ რეგიონში ციტრუსის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბი აამოქმედა, რომლის ძირითადი მიზანი მანდარინის ჩაბარების პროცესის შეუფერხებელი მიმდინარეობის უზრუნველყოფაა.