10-12-2019
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ 50 მცირე მეწარმეს დღეს მიწისქვეშა მტკნარი წყლით სარგებლობის სალიცენზიო მოწმობები გადასცა.
ლიცენზიის წესების გამარტივება შესაძლებელი გახდა ბოლო პერიოდში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, რამაც გაამარტივა სამეწარმეო დანიშნულებით მიწისქვეშა მტკნარი წყლის მოპოვებაზე ლიცენზიის გაცემის პროცედურა.
ცვლილებების საფუძველზე 2019 წლის ბოლომდე 120-მდე მცირე მეწარმე გამარტივებული წესით მიიღებს წყლით სარგებლობის ლიცენზიას, რაც მათ სამეწარმეო საქმიანობის ოპერატიულად დაწყებაში დაეხმარებათ.
აღნიშნული ცვლილება განხორციელდა წიაღის სექტორის რეფორმის ფარგლებში, რომელიც საქართველოს მთავრობამ გასულ წელს დაამტკიცა.
რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება რესურსების მართვის პროცესში დამატებითი ღირებულების შექმნის ხელშეწყობა და რესურსების ეფექტიანი მართვაა, რაც გულისხმობვს წიაღისეულის საქართველოს ტერიტორიაზე გადამუშავების ხელშეწყობას.
„მიხარია და ამაყი ვარ, რომ ჩვენს მიერ დაწყებული რეფორმის შედეგად, დღეს მაქვს პატივი, მოგესალმოთ და გადმოგცეთ ლიცენზიები, რომელთა მისაღებადაც სხვა შემთხვევაში საკმაოდ ხანგრძლივი და დამღლელი პროცედურების გავლა დაგჭირდებოდათ. რა თქმა უნდა, მეწარმეს, რომელიც დაკავებულია სხვა პროფილის საქმიანობით, მათ შორის იქნება ეს მცირე ფერმები, სასტუმროები, სამრეცხაოები თუ კვების ობიექტები, იმისთვის, რომ საკუთარ ტერიტორიაზე მდებარე ჭაბურღილიდან ტექნიკური წყლით ისარგებლოს, არ უნდა სჭირდებოდეს აუქციონში მონაწილეობა და საკმაოდ ხანგრძლივი ბიუროკრატიული პროცედურების გავლა. მოხარული ვარ, რომ დღეს 50 მცირე მეწარმეს გადავეცი მტკნარი წყლის მოხმარების ლიცენზიები, რაც დაეხმარება მათ მარტივად, შეუფერხებლად განავითარონ თავიანთი ძირითადი საქმიანობა“, - განაცხადა გამარტივებული წესით ლიცენზიების გადაცემის ღონისძიებაზე ნათია თურნავამ.
მცირე მეწარმეებისთვის ლიცენზიების გადაცემის ღონისძიება კომპანია „აქუა ჯორჯიას“ მტკნარი წყლის ჩამოსასხმელი ქარხნის ტერიტორიაზე გაიმართა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, წიაღის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი მაია ზავრაშვილი, ბიზნესომბუდსმენი მიხეილ დაუშვილი და სექტორის წარმომადგენლები.
ღონისძიების გახსნამდე მინისტრებმა ოფიციალურად გახსნეს „აქუა ჯორჯიას“ ახალი საწარმო. აღნიშნულ კომპანიას წიაღის ეროვნულმა სააგენტომ ჩამოსასხმელი წყლის მარაგი მიმდინარე წლის აგვისტოში დაუმტკიცა. საწარმო ორიენტირებულია ჩამოსასხმელი წყლის ექსპორტზე.
„აქუა ჯორჯიას“ პროექტის ფარგლებში ჯამური ინვესტიცია 4 მილიონ ლარამდეა. საწარმოში დასაქმდება 20-მდე მოქალაქე.