26-01-2018
„აზერბაიჯანი და რუსეთი მიმდინარე წლის თებერვალში, ბაქოში, მორიგ შეხვედრას გამართავენ სახელმწიფო საზღვრის დემარკაციის საკითხში. რაც შეეხება შეხვედრას აზერბაიჯანისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის მიზნით, მორიგი მოლაპარაკება 2018 წლის პირველ კვარტალშია დაგეგმილი. განსხვავება იმაშია, რომ რუსეთთან უკვე დემარკაცია ხდება, საქართველოსთან კი ჯერ დელიმიტაციის პროცესი არ დასრულებულა და კიდევ უამრავი სადაო მომენტია გადასაწყვეტი...“-ამის შესახებ აზერბაიჯანული გამოცემა «Эхо» წერს.
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ ჯამილია ალეკპეროვას ავტორობით გამოქვეყნებული მასალის ქართულეოვან ვერსიას მცირე შემოკლებით:
„აზერბაიჯანისა და საქართველოს ურთიერთობის ამ ეტაპზე სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის საკითხი საკვანძოდ და საჭირბოროტოდ არ ითვლება. საქმე იმაშია, რომ ჩვენს სახელმწიფოებს შორის საკითხები იოლად გვარდება. ბაქო-თბილისის ურთიერთობის ფორმატი სტრატეგიულ ხასიათს ატარებს, ორივე ქვეყანა ჩაბმულია ერთობლივ პროექტებში და დარწმუნებული ვარ, რომ ამას საქართველოში კარგად ხედავენ და აცნობიერებენ“, - ამბობს გაზეთ »Эхо»-ს კორესპონდენტთან საუბარში ბაქოს უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტოლოგი ფიკრეტ სადიხოვი, თუმცა იქვე შენიშნავს: ამ პრობლემის გადაწყვეტის დიდი ხნით გადადება არ შეიძლება
„ქართულმა მხარემ ამ სიტუაციაში, თუ მას აზერბაიჯანთან მჭიდრო ურთიერთობების გაგრძელება სურს (ქართველი ხალხის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით), საზღვრის დელიმიტაციის საკითხს უფრო ფართოდ უნდა შეხედოს“, - აღნიშნავს ფიკრეტ სადიხოვი ინტერვიუში, - „ვთვლი, რომ დელიმიტაციის დროს რომელიმე უბანზე ჩაციკვლა არ შეიძლება, საქართველო აზერბაიჯანთან კომპრომისზე უნდა წავიდეს, თბილისს შეუძლია რაღაც დათმოს. ჩვენს ქვეყნებს ხომ ერთმანეთთან ნაყოფიერი, მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებთ... შესაბამისად, არ უნდა დავუშვათ, რომ რომელიმე საკითხის მოუგვარებლობამ კონფლიქტამდე მიგვიყვანოს. განა უკეთესი არაა ერთად გავუმკლავდეთ იმ საერთო საფრთხეებსა და მუქარებს, იმ რისკებს, რომლებიც რეგიონის წინაშე დგანან? სწორედ ამიტომ ჩვენ ერთმანეთს უნდა გავუგოთ, ერთად უნდა გადავლახოთ სირთულეები და მოვაგვაროთ პრობლემები“, - ამბობს პოლიტოლოგი.
აზერბაიჯან-რუსეთის საზღვარი - ეს არის თანამედროვე სახელმწიფოთაშორისო სახმელეთო-საზღვაო მიჯნა რუსეთს (დაღესტანს) და აზერბაიჯანს შორის. მისი სიგრძე 327,6 კილომეტრია (მატერიკზე) და ზღვაში - 22,4 კილომეტრი. საზღვარი დადგინდა 2010 წლის 3 ოქტომბერს ბაქოში ხელმოწერილი შეთანხმებით, რომელიც ძალაში შევიდა სარატიფიკაციო სიგელების გადაცემის დროს - 2011 წლის 18 ივლისს. ამით დასრულდა ორივე სახელმწიფოს ერთმანეთისაგან გამყოფი საზღვრის დელიმიტაციიის (ანუ რუკაზე აღნიშვნის) პროცესიც. შეთანხმების მიხედვით, სახელმწიფო საზღვრის დემარკაციის (ანუ ადგილზე გატარების) მიზნით ჩამოყალიბდა ორმხრივი სადერმაციო კომისია, რომელიც ამჟამად თავის მუშაობას აგრძელებს.
რაც შეეხება აზერბაიჯან-საქართველოს საზღვარს, მისი სიგრძე ან 446 კილომეტრია (ქართული მხარის მონაცემებით), ან 480 კილომეტრი (აზერბაიჯანული მხარის მიხედვით). ამ 446 თუ 480 კილომეტრიდან 180 კილომეტრი ჯერ კიდევ შეუთანხმებელია. აღასანიშნავია, რომ სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხზე ორმხრივი ქართულ-აზერბაიჯანული კომისია 1996 წლიდან მუშაობს.
დღევანდელი მდგომარეობით, დელიმიტირებული და დემარკირებულია საერთო საზღვრის დაახლოებით 66%. კომისიის მუშაობის დროს, დაწყებული 2007 წლიდან, გაჩნდა გადაულახავი დაბრკოლება, რომელიც თბილისიდან 60 კილომტრზე მდებარე დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსს უკავშირდება. აზერბაიჯანი თვლის, რომ მონასტერი ალბანური კულტურის ძეგლს წარმოადგენს და მას „ქეშიშჩი-დაღს“ უწოდებს.
2012 წლის 6 მაისს აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი დაიკავეს, რომელიც, საქართველოს იმდროინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის ნინო კალანდაძის თქმით, სადაო ტერიტორიას არ მიეკუთვნება და რომელსაც საბჭოთა კავშირის პერიოდში აზერბაიჯანის სსრ აკონტროლებდა.
2012 წლის 6 მაისს აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა [დავით გარეჯის კომპლექსის იმ ნაწილში, რომელსაც ისინი აკონტროლებენ] ქართველი მლოცველების, პოლიტიკოსებისა და სამღვდელოების დაშვება აკრძალეს. საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ აზერბაიჯანს დავით გარეჯის კომპლექსის მხოლოდ 2% ეკუთვნის, ანუ უდაბნოს მონასტერი.
სადაო ტერიტორიად რჩება აგრეთვე სოფელი ერისიმედი. 1970-იანი წლების ბოლოს მდინარე ალაზანმა სიღნაღის რაიონში (ეს მდინარე საქართველოს და აზერბაიჯანს ყოფს) კალაპოტი შეიცვალა და ამის შედეგად ქართული ტერიტორიის რაღაც ნაწილი მდინარის იქითა ნაპირზე დარჩა. 1980-იანი წლების ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ იმ ადგილებში სოფელი ერისიმედი ააშენა და იქ აჭარლები და ქისტები (ახმეტის რაიონის პანკისის ხეობიდან) ჩაასახლა. აზერბაიჯანული მხარე დაბეჯითებით ამტკიცებს, რომ დავით გარეჯის კომპლექსის ნაწილი და სოფელი ერისიმედი აზერბაიჯანს ეკუთვნის.
ზოგიერთი ქართველი ისტორიკოსის განცხადების თანახმად, საქართველოს ეკუთვნის ისტორიული ჰერეთიც, რომლის ნაწილი დღეს აზერბაიჯანის შემადგენლობაშია. საქმე ეხება ზაქათალის, კახის (გახის) და ბელაქანის რაიონებს, რომლებსაც თბილისი ისტორიულ საინგილოს უწოდებს, ხოლო ადგილობრივ მოსახლეობას ქართველ ინგილოებად მიიჩნევს, რომლებიც ძალდატანებით გამაჰმადიანდნენ.
როგორც კავკასიის გარემოს დაცვის არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის მოხსენებაშია აღნიშნული, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის ალაზნის ხაზთან 66 ისეთი ადგილია, სადაც ცვლილებები მოხდა. მათგან 42 შემთხვევაში საზღვარი საქართველოს სიღრმეშია გადაწეული, ხოლო 27 შემთხვევაში - აზერბაიჯანის სიღრმეში.
საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობებში დამატებით გამღიზიანებელ ფაქტორს წარმოადგენს ქვემო ქართლის, ანუ ბორჩალოს რეგიონი, რომელიც აზერბაიჯანელებითაა დასახლებული. საქართველოს ხელისუფლება ადგილობრივ აზერბაიჯანულ დასახლებულ პუნქტებს სახელებს ქართული მანერით უცვლის, სასკოლო განათლებას ქართულ ენაზე ახორციელებს, არის მიწისა და საკადრო პრობლემებიც. ეს ყველაფერი ადგილობრივი აზერბაიჯანული მოსახლეობის გაღიზიანებას იწვევს.
საქართველოს მთავრობამ პოსტსაბჭოთა პერიოდში ქვემო ქართლში ქართველები (სვანები) ჩაასახლა, სვანეთში მომხდარი სტიქიური უბედურების მოტივით, რაც ზოგჯერ აზერბაიჯანელებისა და ქართველების ერთმანეთთან კონფლიქტს იწვევს.
საქართველოში აზერბაიჯანელთა ეთნიკურ აქტიურობას, რომელსაც უმეტესად პროტესტული ხასიათი აქვს, აზერბაიჯანის მოქალაქეები ფართო პატრიოტული გამოძახილით პასუხობენ.