14-01-2020
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ განვითარებული მოვლენების გამოეხმაურა.
პრეზიდენტი ოკუპირებულ ტერიტორიებზე პრობლემების მოგვარების ერთადერთ გზად დიპლომატიას მიიჩნევს, ერთ-ერთ ასეთ ბერკეტად კი ჟენევის მოლაპარაკების ფორმატის განახლებას ასახელებს.
„თქვენ იცით, რომ ტერიტორიები, რომელიც ჩვენი კონტროლის ქვეშ არ არის, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი კონტროლის და ჩვენი ბერკეტების ქვეშ არ არის. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს ერთადერთი გზა, ეს არის დიპლომატიური გზა, კიდევ უფრო ეფექტური დიპლომატიური ქმედებების დაწყება. მე არაერთხელ ვისაუბრე იმაზე, რომ ჩვენ ჟენევის ფორმატი უნდა გავაცოცხლოთ, გავააქტიუროთ, ავწიოთ და დავუბრუნოთ მისი პოლიტიკური დატვირთვა. ჩვენ კიდევ უფრო აქტიურად უნდა ვიმუშაოთ ორმხრივი დიპლომატიური კუთხით. ყველა ჩვენი ბერკეტი, რაც არსებობს მშვიდობიანი და დიპლომატიური, უნდა გამოვიყენოთ“,- განაცხადა პრეზიდენტმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დღეს განცხადება გაავრცელა. უწყების ცნობით, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ, საოკუპაციო ძალების პროვოკაციული აქტივობების შედეგად, განხორციელდა ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უკანონო ინსტალაციების აღმართვა, რაც უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის კონტექსტში განიხილება.